ახალი ამბები

ითანამშრომლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მინდია გულუასთან და ჯონდი ბაღათურიასთან

22 აგვისტო, 2012 •
ითანამშრომლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მინდია გულუასთან და ჯონდი ბაღათურიასთან

ჯონდი ბაღათურია; ნანა გულუა
ჯონდი ბაღათურია; ნანა გულუა

ქართველი ბიზნესმენის, მინდია გულუას მიერ ჩამოყალიბებული პარტია “განახლებული საქართველოსთვის” “ქართულ დასს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან რეგისტრაციაზე უარი მიიღო.

საკუთარი მიზნებისა და გეგმების შესახებ ჯონდი ბაღათურიამ და მინდია გულუას დამ, ნანა გულუამ დღეს ერთობლივი კონფერენცია გამართეს:

“პარტია “განახლებული საქართველოსთვის” თავისი მიზნებისა და პროგრამის განხორციელებას იწყებს კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, რომელსაც ქვია “ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი”. ჩვენ დასთან მოლაპარაკებები ცესკოში ხელმოწერების შეტანამდეც გვქონდა, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეგვეტანა ეს ხელმოწერები, რომელთა ძირითადი ნაწილი საქართველოს რეგიონებში კარდაკარაა მოგროვებული. ცესკოს გადაწყვეტილება სრულიად უკანონო იყო, ამიტომ დღეიდან ჩვენ “ქართულ დასთან” ერთად ვიბრძოლებთ”, – განაცხადა ნანა გულუამ.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, დღეს ოფიციალურად მოხდა ერთ–ერთი უძლიერესი პოლიტიკური ძალის შექმნა:

“მინდია გულუა არის მსოფლიოში ერთ–ერთი უმდიდრესი კაცი თავისი ძალიან დიდი კავშირებით და გავლენებით, მათ შორის რუსეთში. რუსეთი – ეს ის ქვეყანაა, სადაც დევს გასაღები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ჩვენი ეკონომიკის განვითარების. მინდია გულუას აქვს არა მარტო რუსეთში ნაშოვნი ფული, არამედ ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს კავშირები, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, გავხსნათ რუსეთის ბაზარი, რასაც ავტომატურად მოყვება ეკონომიკის გაძლიერება. მივიღოთ ძალიან ბევრი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უმუშევარი არც ერთი ქართველი აღარ იქნება”, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

“ქართული დასის” ლიდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი “ქართულ ოცნებას” შეუერთდებიან და ერთიანად იბრძოლებენ, იქნებიან ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა საქართველოს ისტორიაში:

“იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის შიგნით გაერთიანება მოხდება და გამოვრიცხავთ დაპირისპირებას, ხელისუფლების ცვლილება გარანტირებული იქნება”, – განაცხადა ბაღათურიამ.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ჯონდი ბაღათურია საბურთალოს მაჟორიტარობაზე უარის თქმას “ქართულ ოცნებასთან” გაერთიანების შემთვევაშიც არ აპირებს:

“ჩვენ ვმუშაობთ საბურთალოს საკითხზე, არავინ არ უნდა შევეცადოთ ერთმანეთის დამარცხებას, უმჯობესია ერთად შევეცადოთ ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, შედგეს ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ მაჟორიტარულ ოლქებში კონკურენცია, პარტიის ლიდერები სადაც არიან წარმოდგენილი, იმ ოლქებში მაინც”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

საბურთალოს რაიონში კოალიცია “ქართული ოცნებიდან” “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი იყრის კენჭს მაჟორიტარად.

დღევანდელ ბრიფინგზე ჯონდი ბაღათურიამ  ნანა გულუა ჩხოროწყუს მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა და აღნიშნა, რომ მომავალში დასახელებულ მაჟორიტარებს შორის არაერთი იქნება “განახლებული საქართველოს” წევრი.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მიუხედავად წარსულში გაკეთებული განცხადებებისა, “ქართულ ოცნებასთან” გაერთიანების იდეას მხარს მინდია გულუაც უჭერს.

მინდია გულუა კოალიცია “ქართულ ოცნებას” ბოლო დროს გამართული skype კონფერენციების დროს არაერთხელ შეეხო.

31 მაისის გამართულ კონფერენციაზე მან ბიძინა ივანიშვილს “სააკაშვილის პროექტი” უწოდა:

“როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, მას უნდა, რომ სააკაშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან, თუმცა მისი საქმეები სხვა რამეზე მეტყველებს. მან თავის გარშემო გააერთიანა ისეთი ხალხი, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში სააკაშვილი”, – აცხადებდა მინდია გულუა. ის არ გამორიცხავდა იმასაც, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი მომავალში “ქართულ ოცნებას” დატოვებდა:

“ზვიად ძიძიგური არის პატიოსანი კაცი, მე არ მიკვირს, რომ ის “ოცნებაშია”, თუმცა თავის დროზე მიხვდება, რა ოცნებაშიც გაეხვია და თავის ადგილზე მოვა, სადაც საჭირო იქნება”, – აცხადებდა გულუა.

skype კონფერენცია დღევანდელი ბრიფინგის დასრულების შემდეგაც გაიმართა, მინდია გულუამ “ქართულ ოცნებასთან” გაერთიანების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა:

“მე ვთვლი, რომ ნატოში შესვლა წერტილს დაუსვამს აფხაზეთის და ოსეთის საკითხს, “ოცნებაში” ასე არ ფიქრობენ. არის საკითხები, რაშიც ერთმანეთს ვეთანხმებით, არის საკითხები, რაშიც არა, თუმცა ჩვენ ერთ რამეში ვთახმდებით, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ყველა ოპოზიციური ძალის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს კონსტიტუციური გზით. ჩვენ გარდა, პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს ლეიბორისტული პარტია, ასევე მინდა, რომ გავიდეს კახა კუკავას პარტია, მინდა გავიდნენ იმიტომ, რომ ჩვენ ჯამში რომ შევიკრიბებით, დავაყენებთ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს”, – განაცხადა მინდია გულუამ.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მინდია გულუას პარტიას და “ქართულ დასს” მათთვის არ მიუმართავთ:

“მე არ ვიცოდი მათი გაერთანების ამბავი და ის, რომ ჩვენთან თანამშრომლობა სურთ. ჩვენთვის მათ ოფიციალურად არ მოუმართავთ და თუ მოგვმართავენ, ამის შესახებ პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

მინდია გულუა სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, ის 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში ქართველების მხარესაც იბრძოდა, ომის დამთავრების შემდეგ კი რუსეთში გაემგზავრა. ახლა ის კრასნოდარის მხარესა და ზოგადად რუსეთში ცნობილი ბიზნესმენია.

მან პარტია “განახლებული საქართველოსთვის” მიმდინარე წელს დააფუძნა. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში 2012 წლის 3 ნოემბერს გაიმართა. მის თავმჯდომარედ  ბიზნესმენის და ნანა გულუა დასახელდა, თავად მინდია გულუა კი პარტიის მრჩეველია საერთაშორისო საკითხებში.

პარტიამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 24 000–მდე ხელმოწერა წარუდგინა, თუმცა ცესკომ ხელმოწერების 90% ბათილად ცნო და პარტიას არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

ამის შემდეგ  “განახლებული საქართველოსთვის” “ქართულ დასს” შეუერთდა და შემოწირულობებითაც დაეხმარება:

“ფინანსური რესურსი, რომლის განმკარგავიც არის მინდია გულუა, უნდა წაადგეს სახელმწიფოს. შემოწირულობების სახით პარტიას 100 000 ადამიანი დააფინანსებს. ამას გარდა, ჩვენ უამრავი მხარადმჭერი გვყავს, მათ შორის 83 000 პენსიონერი, რომლებიც, საკუთარი სურვილით რომ შემოგვწირონ თითო ლარი, მორალურადაც გვაძლიერებენ”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

პარტიებს ახალი სახელწოდება არ ექნებათ. ისინი “ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის” სახელის ქვეშ ერთიანდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი