ახალი ამბები

წალენჯიხაში ადამიანთა მოწამვლა არ დასტურდება

22 აგვისტო, 2012 •
წალენჯიხაში ადამიანთა მოწამვლა არ დასტურდება

დღეს, 22 აგვისტოს, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ნაჭყებია წალენჯიხაში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც გზაზე გამოიარა “სურსათის ეროვნული სააგენტოს” სპეციალურმა ავტომობილმა, რომელიც გზაზე აფრქვევდა ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო გაზს, ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც უკვე წლებია ამ მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება.

გიორგი ნაჭყებიამ  ფეისბუქში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აღნიშნული გაზის გაშვების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა.

“წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ნაჭყებიას მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლენიმ კვარაცხელიას მეთაურობით განახორციელეს შეტევა და ხალხის შეკრების ადგილას გაუშვეს მომწავლელი გაზი, რომლის შედეგადაც ათი ადამიანია მოწამლული”, – ნათქვამია დეპუტატობის კანდიდატის განცხადებაში.

ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათთვის ამერიკული პეპლების საწინააღმდეგო გაზით მოწამვლის შედეგად არავის მიუმართავს.

“ნეტგაზეთს” ადამიანთა მოწამვლის ფაქტი არ დაუდასტურა იური ცანავამ, რომელიც “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირად გაგვეცნო. როგორც თავად ამბობს, ინციდენტის დროს ის გიორგი ნაჭყებიასთან ერთად იმყოფებოდა.

“რომ შევედით სოფელში, ეს მანქანა [სურსათის უვნებლობის სამსახურის] გველოდებოდა ჩვენ. ვხუმრობდით, ამათ ჩვენი შეწამვლა ხომ არ უნდათ–მეთქი და ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი. ეს მანქანა ჩვენ გამოგვეკიდა და შემდეგ, ჩვენ რომ გაგვცდა, 150 მეტრში გაჩერდა და 10–15 წუთის მერე გაუშვა წამალი. მოგვაფრქვია, დადგა ბოლი და ვერ ვხედავდით ერთმანეთს. ყველას აუტყდა ხველა და ქავილი. 10 წუთის განმავლობაში ყელი მეწვოდა, მერე წამოვედით”, – ასე გაიხსენა მომხდარი იური ცანავამ.

ადამიანთა მოწამვლის ფაქტს არც წალენჯიხის რაიონის გამგებელი მამუკა ქარდავა ადასტურებს. მისი განმარტებით, ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო შეწამვლა წალენჯიხის რაიონში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს და სურსათის უვნებლობის სამსახური ამას რაიონის გამგეობის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით ახორციელებს.

“ერთი კვირის წინ პირადად მეც გავიარე ამ კვამლში და არაფერი მომსვლია. ამ კვამლს ვუშვებთ ცენტრალურ  გზაზე და ის ერთი კილომეტრის რადიუსში პეპელას სპობს. ზუგდიდის სოფლებიც შეიწამლა და იქ არავინ გამხდარა ამის გამო ცუდად და წალენჯიხაში რა მოხდა ასეთი?

შარშან ამერიკულმა პეპლებმა ლამის შეგვჭამეს, წელს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით, ერთი პეპელაც არაა წალენჯიხაში. წელს უკვე მეორეჯერ შეიწამლა. მომავალ წელსაც კიდევ ერთხელ შევწამლავთ და საერთოდ მოვსპობთ. ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა, წყალს ვერ ვსვამდით, ჭები ივსებოდა  ამ პეპლებით. მანახოს ვინმემ ამით მოწამლული და მე თითონ განვკურნავ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” წალენჯიხის გამგებელმა მამუკა ქარდავამ.

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ” ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო პრეპარატის გარემოში გაფრქვევა ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში დაიწყო.  სააგენტოს ცნობით, ამერიკული პეპლების წინააღმდეგ ბიოლოგიურ პრეპარატს იყენებენ.

“ქიმიური წამლობისგან განსხვავებით, ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენებას მყისიერი ეფექტი არ აქვს. ამერიკული წარმოების “დიპელის” მოქმედების ვადა 2-დან 6 დღემდე გრძელდება. წამლობა რეკომენდირებულია დაბალი ხნოვანების – I – II ასაკის მატლებზე. მავნებელი შეწამლული ფოთლების ჭამის შემდეგ რამდენიმე დღეში იღუპება. ბიოლოგიური წამლობა ეფექტურია და უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, ფუტკრებისთვის და, ზოგადად, გარემოსთვის”, – ნათქვამია “სურსათის ეროვნული სააგენტოს” განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზე 9 აგვისტოს არის გამოქვეყნებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი