ახალი ამბები

“ტაბულა” ტელემაუწყებლობას დროებით აჩერებს

14 ნოემბერი, 2016 • 2315
“ტაბულა” ტელემაუწყებლობას დროებით აჩერებს

ტელეკომპანია “ტაბულა” სატელევიზიო მაუწყებლობას დროებით აჩერებს და 2017 წლის შემოდგომამდე გადაცემებს მხოლოდ საიტისა და “ტაბულას” ფეისბუკის გვერდის მეშვეობით გაავრცელებს.

ტელემაუწყელობის შეჩერების მიზეზად “ტაბულა” ფორმატის ცვლილებასა და ტექნიკურ გადაიარაღებას ასახელებს. მათივე ცნობით, განახლებული სატესტო მაუწყებლობა 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

“გადაცემები არ იქნება, შეჩერდება მაუწყებლობა. მარეგულირებელს უკვე მივმართეთ. გადაცემების გარეშე არხის ეთერში დატოვებას რა აზრი აქვს სამაუწყებლო ხარჯების კუთხით? აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ვიდრე ტექნიკურ გადაიარაღებას მოვახდენთ და ეს უკვე აუცილებელი იყო იმიტომ, რომ წკიპზე ვიყავით, მანამდე, სანამ გადაცემებს დავამატებთ, პაუზას ავიღებთ და დავბრუნდებით სატესტო მაუწყებლობით, სავარაუდოდ, ზაფხულში,”- განაუცხადა “ნეტგაზეთს” “ტაბულას” გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სურთ, განაახლონ ვებ-გვერდიც და ის უფრო მეტად დაიტვირთოს მულტიმედია მასალით. პარალელურად, იმუშავებენ ტექნიკურ გადაიარაღებასა და კონცეფციაზე:

“IREX-ის გრანტი მივიღეთ, რომლებიც ტექნიკურად გვეხმარებიან და კონცეფციას ჩვენ ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ვაკეთებთ, რომლებიც ძალიან მალე ჩამოვლენ და დროულია მათი დახმარება ამ მიმართულებით იმიტომ, რომ კონცეფციას ვცვლით: გვინდა, რომ მეტი ჯგუფი ჩავრთოთ და ერთგვარ სამოქალაქო პლატფორმად ვიქცეთ იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი დღეს და არ აქვთ წვდომა სატელევიზიო სივრცესთან იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც შეიძლება ჰქონდეთ,”- ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისივე განცხადებით, სურდა, ეს პროცესი უფრო ადრე დაეწყოთ, თუმცა არჩევნებისა და “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესების გამო გადადეს:

“მოგეხსენებათ, ჩვენ რა სიტუაციაში ვიყავით, როდესაც არ ვიცოდით, “რუსთავი 2″ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, კრიზისი კრიზისზე იყო. ამ პირობებში ვინარჩუნებდი, არ ვთიშავდი არხს ეთერიდან, თორემ მანამდეც მინდოდა ამის გაკეთება იმიტომ, რომ უცებ რომ რამე მომხდარიყო, ამხელა არჩევნების წინ არ დავრჩენილიყავით ივანიშვილის კონტროლს მიღმა არსებული ტელევიზიის გარეშე. ახლა ვფიქრობ, სწორი დროა, რომ შემდეგ არჩევნებამდე მოვასწრო ყველაფერი იმის გაკეთება, რაც უკვე დიდი ხანია, ამ არხზე მინდა,”- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კანონმდებლობის თანახმად, თუკი ტელეკომპანია მაუწყებლობას 1 წელიწადზე ნაკლები დროით აჩერებს, მაშინ ავტორიზაციის გაუქმების საჭიროება არ დადგება.

GNCC-ის პრესსპიკერის, ხატია ყურაშვილის თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა პროცედურები გაამარტივა. მაგალითად, მაუწყებლობაში საქმიანობის დაწყება ავტორიზაციის მარტივ პროცედურას დაექვემდებარა, რაც გულისხმობს შეტყობინებას, რომ ესა და ეს კომპანია კონკრეტული სახის მაუწყებლობას გეგმავს.

“გამარტივდა სხვა საკითხებიც, მათ შორის ის, რომ თუ კომპანია ერთი წლის განმავლობაში გადაბმულად არ მაუწყებლობს, არ ასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს კომისიას უფლებამოსილება, იმსჯელოს კომპანიისთვის ავტორიზაციის გაუქმების ან შეჩერების საკითხზე. აქედან გამომდინარე, ტელეკომპანია “ტაბულას” გადაწყვეტილება სრულად ჯდება დღეს მოქმედ კანონმდებლობაში… განცხადებაში არ არის საუბარი სრულად მაუწყებლობის შეჩერებაზე. აქ საუბარია, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება გარკვეული გადაცემები. ასევე, კომპანიის FB გვერდზე გავრცელდება გარკვეული პროგრამები. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, “ტაბულა” სრულად არ წყვეტს მაუწყებლობას,”- განაცხადა ხატია ყურაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი