ახალი ამბები

დავით გამყრელიძე “ახალი მემარჯვენეების” პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი იქნება

21 აგვისტო, 2012 •
დავით გამყრელიძე “ახალი მემარჯვენეების” პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი იქნება

დავით გამყრელიძე
დავით გამყრელიძე

“ახალი მემარჯვენეეების” სიის პირველი ნომერი და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე იქნება.  ამის შესახებ დღეს, 21 აგვისტოს, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ახალი მემარჯვენეების” მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ხდება პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიების ნომერი პირველი, შესაბამისად, უნდა იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩიხრაძის მოსაზრებით, სწორე ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში და ასეთია აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა. 

 

ფიქრია ჩიხრაძემ დღესაც დაადასტურა პარტიის მზადყოფნა წინასაარჩევნო პერიოდში გამართულ დებატებში მონაწილეობაზე როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან. 

 

“ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით გამყრელიძე 1991–99 წლებში მის მიერვე დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” პრეზიდენტი იყო, თუმცა, 1998 წელს თბილისის საკრებულოს წევრად აირჩიეს, 1999 წელს კი, როგორც “მოქალაქეთა კავშირის” “ახალი სახე”, საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. დავით გამყრელიძე 2003 წელს დაინიშნა 2002 წელს დაფუძნებული პარტია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარედ.

 

დავით გამყრელიძემ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აღნიშნული არჩევნები გაყალბებულად გამოცხადდა და 2004 წლის გაზაფხულზე ხელახლა ჩატარდა. დავით გამყრელიძემ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ მიიღო მონაწილეობა, პარლამენტში შევიდა და ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის” თავმჯდომარე გახდა. დავით გამყრელიძემ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყარა კენჭი, თუმცა, წარუმატებლად. რაც შეეხება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს, დავით გამყრელიძემ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში წარმატებას მიაღწია, გაიმარჯვა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი