ახალი ამბები

ISFED: ყველაზე ხშირია ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება

21 აგვისტო, 2012 • 1033
ISFED: ყველაზე ხშირია ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

ყველაზე ხშირი პრობლემა, რომელიც მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. მონიტორინგის ერთთვიან პერიოდში ორგანიზაციამ 18  ასეთი ფაქტი გამოავლინა.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

როგორც “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია აცხადებს, გარდა იმისა, რომ გამოვლინდა პოლიტიკური ზეწოლის არაერთი შემთხვევა, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს შეიცავს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ასეცე სოციალური პროგრამების მოულოდნელი ინიცირება დაფიქსირდა:

“ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისას გვხვდება ისეთი ფაქტები, როდესაც საჯარო მოხელის მხრიდან მიმდინარეობს მუქარა, ზეწოლა, ან სხვა სახის ჩარევა პოლიტიკური პარტიის აქტივისტის მიმართ, ასევე აღსანიშნავია უძრავი ქონების უფასო რეგისტრაციის შემთხვევები. ეს პროგრამა საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაიწყო ივლისის თვეში. გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა პროგრამის ინიცირება წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე ეს სთავაზობს მოქალაქეებს უფასოდ გარკვეული მომსახურების გაწევას, ვფიქრობთ, რომ ეს წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ემსახურება საარჩევნო მიზნებს”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

წინასაარჩევნოდ ქონების უფასო რეგისტრაცია დედოფლისწყაროში, ხულოში, კასპში და მარნეულში ივლისის თვიდან დაიწყო. მანამდე მსგავსი მომსახურებისთვის მოქალაქეებს 50–დან 90 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ.

მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებიც.

ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა ქალაქ ბაღდათში მოხდა. 2012 წლის 9 ივლისს კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტი ივერი ნერგაძე მამამისთან ერთად დეპუტატ თემურ კოხოძის ბიუროში დაიბარეს და “ქართული ოცნებიდან” წამოსვლა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძმის და რძლის სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, რომლებიც შპს “თეგეტა მოტორსში” მუშაობდნენ.  ივერი ნერგაძის განცხადებით, მისი ძმა და რძალი მართლაც გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული პიროვნებები სამსახურში კვლავ აღადგინეს:

“დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ ანგარიშში ასახული, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირები, უწყებათაშორისი კომისიის ჩარევის შედეგად სამსახურში აღადგინეს. 2 შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა იყო და ჩვენი ჩარევის შედეგად ფაქტის აღკვეთა მოხდა. რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, ძირითადად ზეწოლა ხორციელდება “ქართული ოცნების” აქტივისტებზე. ასევე განხორციელდა რამდენიმე ზეწოლა “თავისუფალი საქართველოს” რამდენიმე აქტივისტზე. ერთი შემთხვევა ეხება “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტსაც”, – აცხადებს “სამართლიანი არჩნევნების” იურისტი ნინო რიჟამაძე.

“სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო გარემოს საქართველოს 73 ოლქში აკვირდება.
რიგით მეოთხე ანგარიში 2012 წლის 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე, იმ მოვლენებს მოიცავს, რომლებიც 2 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევის საბოლოო შედეგები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიდება, რაც შეეხება უკვე გამოქვენებულ ანგარიშებს, ორგანიზაცია შედეგებს, უწყებათაშორისი კომისიის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიაწვდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი