ახალი ამბები

რატომ არ აძლევს ცესკო ივანიშვილის ბლოკს საარჩევნო ნომრად 7-ს

20 აგვისტო, 2012 •
რატომ არ აძლევს ცესკო ივანიშვილის ბლოკს საარჩევნო ნომრად 7-ს

ცესკო აპილირებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებზე, რომლის თანახმად, ”თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ”, ხოლო „ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით“.

 

7 არის საქართველოს კონსერვატიული პარტიის ნომერი, რომელიც არის ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” წევრი. ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიებიდან (ესენია: კონსერვატორების გარდა, “მრეწველები”, “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი”, “ქართული ოცნება”) მხოლოდ ერთი – პარტია “ქართული ოცნებაა”, რომელსაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. 

 

ცესკოს განმარტებით, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, “ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა, ანუ 25 აგვისტომდე.”

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ეს საკანონმდებლო ნორმა 2007 წლიდან მოქმედებს:

 

“აღნიშნული საკითხი არ გამხდარა საარჩევნო დავის საგანი 2008-2010 წლების არჩევნების პერიოდში და არ ყოფილა საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი 2009 და 2010-2011 წლებში,  როდესაც ახალი საარჩევნო კოდექსის მუშავდებოდა”, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საარჩევნო ბლოკის “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ცესკო კანონის გვერდის ავლით არ აძლევს მათ საარჩევნო ნომრად 7-ს.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორი საარჩევნო ბლოკი დარეგისტრირდა ცესკოში. ბიძინა ივანიშვილის ბლოკის გარდა, ჩამოყალიბდა ბლოკი  „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება, რომელშიც ერთიანდებიან პარტიები – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და პაატა დავითაიას „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“.

 

ცესკოში გრძელდება პარტიების რეგისტრაციის პროცესი. განაცხადები რეგისტრაციაზე სულ  41-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიტანა. დღეისათვის ცესკოში უკვე 29 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, 8-ს კი უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი