ახალი ამბები

რამდენად რეალურია კუკავას პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები

18 აგვისტო, 2012 •
რამდენად რეალურია კუკავას პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები

საარჩევნო კლიპში საუბარია: პატიმრების მასშტაბურ ამნისტიაზე, ბანკების ვალების გაყინვაზე, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვასა და ინგლისური წარწერების ქართულით შეცვლაზეც.

სარეკლამო კლიპზე კომენტარი პარტიის ლიდერის მოადგილემ მიმი გაბრიჩიძემ თავად გააკეთა.

„მასშტაბურად გათავისუფლდებიან მხოლოდ მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებული ადამიანები, როგორებიც არიან, მაგალითად, პოლიტპატიმრები, მეწარმეები და სხვა. მათი რიცხვი დაახლოებით 10 000-დან 15 000-მდე იქნება“, – განაცხადა მიმი გაბრიჩიძემ.

მისი თქმით, ამნისტია არ შეეხებათ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან მკვლელები, ყაჩაღები და სხვა მძიმე ტიპის დამნაშავეები.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კლიპში ნათქვამ დაპირებას ჰომოსექსუალიზმისა და სექტების პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, გაბრიჩიძის თქმით, ამ დაპირებას ქსენოფობიასა და ჰომოფობიასთან არანაირი კავშირი არ აქვს:

„ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს და ვიცით მათი აზრი. საქართველოში არავის არ სურს, რომ ხდებოდეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. არც მე მინდა, ჩემმა შვილმა უყუროს ნებისმიერი სახის პროპაგანდას, იქნება ეს პარადი, ბროშურები თუ სხვა. ჩვენ მხოლოდ ამის წინააღმდეგები ვართ. იქნება გარკვეული ტიპის შეზღუდვები, შესაძლოა რაიმე კანონიც მივიღოთ, რომ აიკრძალოს მათი გამოსვლები“ – განაცხადა გაბრიჩიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მაგდა კალანდაძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ მსგავსი ტიპის განცხადებებს პარტიები ხშირად აკეთებენ, რითაც ფართო მასების ცნობიერებაზე ზეგავლენის მოხდენასა და საარჩევნო ხმების მოპოვებას ცდილობენ:

„ეს არის სიძულვილის კლასიკური გამოხატულება. ძალიან გულისამრევი და შეურაცხმყოფელია. საერთოდ მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა მაგდა კალანდაძემ.

პარტია  „თავისუფალი საქართველო“ სარეკლამო რგოლში ბანკების ვალების გაყინვის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.

კახა კუკავას პარტიის პოლიტიკური მდივნის, თენგო ომანიძის თქმით, მათ, ვისაც ბანკის ვალები აქვთ, ეს ვალები გადაუვადდებათ და მათი ეტაპობრივად გადახდა მოხდება:

„დღეს საქართველოში 200 000-ზე მეტი ოჯახია, ვისაც ბანკებმა საცხოვრებელი სახლები გაუყიდა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს მათთვის ბანკის ვალების გადავადება და ეტაპობრივად დაფარვა. ასევე კანონით შეიზღუდება ბანკების მიერ კერძო საკუთრების გასხვისება. მოსახლეობას სახელმწიფო დაიცავს“ – განაცხადა ომანიძემ. მისი თქმით, უნდა მოხდეს კანონის მიღება იმის შესახებაც, რომ ბანკებმა სესხები მაღალ პროცენტში ვეღარ გასცენ.

ეკონომიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის თქმით,  ბანკები კომერციული ორგანიზაციები არიან, ამიტომ მსგავსი ვალდებულების აღება საკუთარ თავზე მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია:

„სახელმწიფომ შეიძლება აიღოს საკუთარ თავზე საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების ვალდებულება, მაგრამ ამის გაკეთებას ბანკებს ვერავინ მოსთხოვს. როცა ფორსმაჟორული სიტუაციაა ქვეყანაში, კრიზისია და ბევრ ადამიანს აქვს ბანკის ვალი, ასეთი ინიციატივა, თუკი მის განხორციელებას სახელმწიფო აიღებს საკუთარ თავზე, განხილვადია“, – განაცხადა ხუხაშვილმა. მისივე თქმით, კერძო საკუთრების გასხვისების შესახებ სიტუაციის მოწესრიგება აუცილებელია, რადგან ბანკების მიერ ქონების ჩამორთმევა სასამართლოს გვერდის ავლით არ უნდა ხდებოდეს:

„ეს არც ზნეობრივად და არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გამართული არ არის. არაკონსტიტუციურია სასამართლოს გარეშე ჩამოართვა ადამიანს საკუთარი ქონება“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ბანკებისთვის საპროცენტო განაკვეთზე შეზღუდვების დაწესებას, ხუხაშვილის თქმით, ამას სახელმწიფოს ჩარევა არ სჭირდება:

„ამისათვის უნდა მოქმედებდეს ანტიმონოპოლიური კამპანია და კონკურენტული გარემო თვითონ დაარეგულირებს სიტუაციას. არ უნდა ხდებოდეს ბანკებს შორის გარიგებები და სპეკულაციური ტარიფების დაწესება. თუკი შეიქმნება კონკურენტული გარემო, ადმინისტრაციული ზომების მიღება საჭირო აღარ გახდება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

პიარექსპერტი, ელდარ პირმისაშვილი ამბობს, რომ „თავისუფალი საქართველოს“ წინასაარჩევნო კლიპი ისეთ საზოგადოებაზეა გათვლილი, რომელთაც ჩვეულებრივი მესიჯებით ვერ დააინტერესებ:

„მათ ჰგონიათ, რომ ასეთ საზოგადოებაში მსგავსი არარეალური მესიჯები უფრო იმოქმედებს და ამით ისინი სხვებისგან გამორჩეულები იქნებიან. თუმცა არ შეიძლება ამ მესიჯებმა იმუშაოს, რადგან, ვისაც ბანკის ვალი აქვს, იცის, რომ მისი გადავადება წარმოუდგენელია. ბანკი კერძო სტრუქტურაა“ – ამბობს ელდარ პირმისაშვილი. მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება და ადამიანების შეცდომაში შეყვანა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაზე ცუდად იმოქმედებს, რადგან სამომავლოდ მათ ჩვეულებრივი მესიჯების გაშვება გაუჭირდებათ:

„ხალხს ეს არარეალური მესიჯები გაახსენდება და ჩვეულებრივსაც აღარ დაიჯერებს. ამიტომ მათთვისვე ჯობია, უფრო რეალური შეთავაზებები გააკეთონ“ – განაცხადა ელდარ პირმისაშვილმა.

პარტია “თავისუფალი საქართველო” 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაფუძნდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია #1 ნომრად იყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი