ახალი ამბები

ზიანი თუ სარგებელი? – რას მოუტანს რაჭას ონში ჰესების აშენება

14 მაისი, 2020 • 4420
ზიანი თუ სარგებელი? – რას მოუტანს რაჭას ონში ჰესების აშენება

თითქმის მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიცია რაჭის ფლორა-ფაუნისა და მიკროკლიმატის დაზიანების საპიროწონედ – მას შემდეგ, რაც ონში ჰესების კასაკდის მშენებლობაზე ნებართის გაცემის პროცესი დაიწყო, გარემოს დამცველები მოსალოდნელ გამოუსწორებელ ზიანზე მიუთითებენ. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება ჰესების მოწინააღმეგეების კრიტიკას “მოღალატეობრივს” უწოდებს და ირწმუნება, რომ ჰესს რაჭისთვის სარგებელი უფრო მეტი ექნება, ვიდრე ზიანი.

  • ვინ რას აშენებს ონის რაიონში?

ონის რაიონში, მდინარე რიონზე, სააქციო საზოგადოება “ონის კასკადს” 206.1 მგვტ სიმძლავრის “ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის” მშენებლობის პროექტის განხორციელება სურს. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის წინასწარი ვერსიის მიხედვით, იგეგმება მდ. რიონზე, ორსაფეხურიან ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის – ონი 1 ჰესი (122.46 მგვტ) და ონი 2 ჰესი (83.7 მგვტ) მშენებლობა და ექსპლუატაცია.

კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:

● სათავე წყალმიმღები ნაგებობა;
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა;
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური).

მშენებელი კომპანიის თანახმად, პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 206.1 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავებაა 780 მლნ კვტ.სთ, რაც საქართველოს ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 6%-ზე მეტია.

პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 330 მილიონი აშშ დოლარია (965 მილიონ ლარამდე).

“ვრცელდება სიცრუე, ყველა რისკი გათვლილია” – კომპანიის პოზიცია

“ონის ჰესების კასკადის” მშენებელმა კომპანიამ ბოლო დღეებში პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებსა და მოსაზრებებს 12 მაისს განცხადებით უპასუხა. განცხადებაში სიცრუედ არის შეფასებული მშენებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მომზადებული სიუჟეტი, მასში მონაწილე ადამიანების ნაწილი კი, რომლებიც პროექტს აკრიტიკებენ, “ვითომ ექსპერტებად” არიან მოხსენიებულნი.

სს “ონის კასკადი” ცალსახად უარყოფს, რომ პროექტი საფრთხეს შეუქმნის მდინარე რიონს. კომპანიის თანახმად, ორივე ჰესის სათავე ნაგებობასთან წყლის ნაწილს ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით აიღებენ.

“დარჩენილ წყალს ასევე ემატება რიონის შენაკადების ჰიდრორესურსი, რაც, საერთო ჯამში, საკმარისზე მეტია წყალმცირობის პერიოდში (ზამთარი) ადგილობრივი ფლორის და ფაუნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

კომპანიის თანახმად, გვირაბები სოფლების თავზე არ გაივლის და არც მთების აფეთქება იგეგმება. განცხადებაში წერია, რომ გვირაბების 97%-ს “მსოფლიოში აპრობირებული და საქართველოში არაერთხელ გამოცდილი გვირაბგამყვანი მანქანით”,  დასახლებული პუნქტებიდან, საშუალოდ, 2 კმ-ის მოშორებით გაიყვანენ. მათი თქმით, არც აფეთქება იქნება და არც ვიბრაცია. 

განცხადებაში კომპანია უარყოფს ცნობებს ათეულობით ჰექტარი ტყის გაჩეხვის შესახებაც და აქვე დასძენს, რომ ადგილობრივი ეკოსისტემის განადგურების საფრთხე არ არსებობს.

“პროექტის ფარგლებში იჭრება 1.064 მ³ მერქნული რესურსი, რომელიც ძირითადად მოიცავს მდინარე რიონის ხეობაში და ჭალებში არსებულ მცენარეებს (მაგ. თხმელა), რასაც მდ. რიონი ადიდების დროს ისედაც აზიანებს”, – წერს სს”ონის კასკადები”.

კიდევ ერთი ცნობა, რომელსაც კომპანია უარყოფს, პროექტის შეუსაბამობაა სეისმურად აქტიურ რეგიონთან. განცხადების თანახმად, “გაკეთებულია დეტალური სეისმური კვლევა წამყვანი ევროპული კომპანიის Studer Engineering GmbH-ის მიერ და ამ კვლევაზე დაყრდნობით მომზადებულია დადებითი დასკვნა საქართველოში აკრედიტებული გეოფიზიკის ასოციაციის მიერ”. 

“საქართველოში აშენებულია მრავალი მნიშვნელოვანი ჰესი (მაგალითად, შაორი და ლაჯანური, თავიანთი წყალსაცავებით), თუმცა არცერთ ჰესს ზარალი არ მოუტანია არც გარემოსთვის და არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის 1991 წელს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის დროს”, – აღნიშნავს კომპანია.

მისივე თქმით, შეისწავლეს ყველა მეწყრული უბანი და დაადგინეს, რომ გამორიცხულია, პროექტმა რაიმე სახის გავლენა იქონიოს გეოლოგიურ პროცესებზე.

კომპანია ასევე გამორიცხავს საფრთხეს უწერის მინერალური წყლებისადმი და აღნიშნავს, რომ პროექტი არც დაცულ ტერიტორიებს ემუქრება, რადგან მსგავსი ტერიტორიები საპროექტო ზონაში ფიზიკურად არ არსებობს.

სს “ონის კასკადი” აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული ჯერ არ არის და 2020 წლის 17 მარტს, ანუ პანდემიის დროს, სამინისტროსგან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც პროცედურის ერთი ნაწილია. მისივე თქმით, 2018 წლის პროექტის ოფიციალური საჯარო განხილვა ჩატარდა 200-ზე მეტი ადგილობრივის მონაწილეობით, მომდევნო ორი წლის მანძილზე კი “აქტიურად მიმდინარეობდა კომუნიკაცია სხვადასხვა მხარესთან და დამუშავდა ასობით დოკუმენტი”.

“ყველაზე სამწუხარო და გასაკვირი ის არის, რომ ვითომ  „ექსპერტები“, ვინც მუდმივად უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ ჰესების მშენებლობას, ზუსტად ის ხალხია, ვინც რუსეთის ენერგოდამოკიდებულებაზე ხელებს ითბობენ და მათი პირდაპირი ინტერესია, მაქსიმალურად შეჩერდეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგორესურსის გამოყენება”, – ვკითხულობთ ჰესის მშენებელი განცხადებაში.

უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივი – სახელმწიფოს კრიტიკა ჰესის მოწინააღმდეგეებს

ჰესის პროექტის კრიტიკას გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რამდენიმე დღის წინ მწვავე შეფასებებით უპასუხა. მისი თქმით, კრიტიკოსთა განცხადებებს “მოღალატეობრივიც შეიძლება ეწოდოს”, რადგან ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.

“ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა, იმგვარი დეზინფორმაცია და უპასუხისმგებლო განცხადებები [გაკეთდება] გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ. რადგან [განცხადებები] მიმართული იყო მოსახლეობის გრძნობებზე, რაჭის, ონის მოსახლეობის…

…ყველა ფაქტი, რომელიც მოსახლეობისთვის საინფორმაციო საშულებებით იყო მიწოდებული, ტყუილია. განვმარტავ, რატომ… პირველ რიგში, იქ იყო საუბარი, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი… ორივე ფაქტი ტყუილია. პროექტი ამას არ ითვალისწინებს. გარემოს დაცვის ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში 100%-ით არის გათვალისწინებული”, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

რას მოუტანს პროექტი ფლორასა და ფაუნას გზშ-ის მიხედვით

კომპანიამ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) სახელმწიფოს  2017 წლის დეკემბერში წარუდგინა. დოკუმენტი მომზადებულია შპს “გამა კონსალტინგის” მიერ, რომელიც საქართველოში მშენებარე ან უკვე აშენებული ჰესების პროექტების დიდი ნაწილის გზშ-ების ავტორია. მათ შორისაა “ნენსკრა”, “მესტიაჭალა-1”, “მესტიაჭალა-2” და “დარიალჰესი”.

ზემოქმედება ფლორაზე

დოკუმენტში ასახულია პროექტის  მოსალოდნელი გავლენა როგორც ფლორაზე, ისე ფაუნაზე. გზშ-ის თანახმად,  მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე საჭირო იქნება მცენარეების მოჭრა-ამოძირკვა, თუმცა მცენარის რომელიმე სახეობის განადგურება “პრაქტიკულად გამორიცხულია”.

ავტორები წერენ, რომ მიწის სამუშაოების დროს დაზიანდება ტყის ის ხე-მცენარეები, რომლებიც მის განახლებას უწყობს ხელს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილზე “სათანადო რეკულტივაცია” ჩატარდება.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ზემოქმედებას დაქვემდებარებული ხე-მცენარეები მაღალი ღირებულებით არ გამოირჩევა. თუმცა ასევე ხაზგასმულია, რომ პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების გარეშე ტყის საფარის შემცირება ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვევს ფერდობების სტაბილურობაზე ზემოქმედებას, ეს კი საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურების წინაპირობა იქნება. ავტორები აღნიშნულ პროცესებს შორის ასახელებენ ეროზიას, ქვათაცვენასა და მეწყერს.

“ამ მხრივ აღსანიშნავია ონი 1 ჰესის გვირაბის შესასვლელი პორტალის განთავსების ადგილი”, – ვკითხულობთ გზშ-ში.

ზემოქმედება ფაუნაზე

“ცხოველთა თავშესაფრების უშუალო დაზიანებას მასშტაბური ხასიათი არ ექნება. თუმცა ცხოველთა გარკვეული სახეობები საკვების ძიების პროცესში, ასევე გამრავლებისთვის, შეიძლება მოხვდნენ მშენებარე ობიექტების ტერიტორიაზე და დაექვემდებარონ სხვადასხვა სახის ზემოქმედებას”, – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორთა თანახმად, ჰესების ტერიტორიაზე არ გამოვლენილა მსხვილ ძუძუმწოვართა საბინადრო ადგილები და მინიმალურია წითელ შეტანილ ფრინველთა ადგილსამყოფელების არსებობა. თუმცა ტერიტორიაზე გზისა და მილსადენების ტრასის გაყვანის შემთხვევაში ზიანი შეიძლება მიადგეს იმ სახეობებს, რომლებიც გამრავლების პერიოდში ან მუდმივად უშუალოდ მშენებლობის დერეფანში იმყოფებიან და აქ არსებულ თავშესაფრებში მრავლდებიან.

ნეგატიურ ზემოქმედებას კი გზშ-ის ავტორები არაერთი მიმართულებით ელიან. მათ შორისაა:

  • ჰაბიტატების [ცოცხალი ორგანიზმების გეოგრაფიული არეალების]  შესაძლო კარგვა/ფრაგმენტაცია, ძირითადად, მცირე ზომის ძუძუმწოვრების შემთხვევაში;
  • ცალკეული სახეობების საბუდრების შესაძლო მოშლა;
  • მცენარეული საფარის განადგურების ნეგატიურ გავლენა ცხოველთა საკვებ ბაზებსა და მათ აღწარმოებაზე;
  • მშენებლობისას შეწუხების ფაქტორის ზრდა ხმელეთის ძუძუმწოვრებითვის, ფრინველებისა და სხვა სახეობებისთვის, რამაც შეიძლება პირდაპირი ზემოქმედება მოახდინოს ცხოველთა პოპულაციების არსებობაზე;
  • მშენებლობისას გაიზრდება ხმაური და ვიბრაცია, ასევე, ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და სხვა მავნე ნივთიერებათა ემისიები. ზემოქმედებას დაექვემდებარება დერეფანში მობინადრე თითქმის ყველა სახეობა;
  • მიწის სამუშაოების დროს თხრილები გარკვეულ რისკს შეუქმნის მცირე ძუძუმწოვრებს: შესაძლებელია თხრილში მათი ჩავარდნა, დაშავება და სიკვდილიანობა;
  • გარემოში ნარჩენების მოხვედრამ და ვიზუალურ-ლანდშაფტურმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველთა დაღუპვა ან მიგრაცია;
  • წყალში და ნიადაგზე მავნე ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში დაზარალდებიან თევზების, ამფიბიების, წყლის მახლობლად მობინადრე ფრინველებისა და წავის პოპულაციები, აგრეთვე, ამ ნივთიერებათა დაღვრის ადგილზე და მის მახლობლად მობინადრე ცხოველები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯამში, მშენებლობის ეტაპზე ცხოველთა სამყაროზე ზემოქმედება შეფასებულია, როგორც “მაღალი”. ავტორთა თქმით, თუ კომპანია ეფექტიანად მიიღებს შემარბილებელ ზომებს, შესაძლებელია მისი დაყვანა “საშუალომდე”.

გზშ-ში მიმოხილულია ჰესების შესაძლო გავლენა ეკოსისტემაზე მათი ამოქმედების შემდეგაც. ზემოქმედების წყაროებს შორის აღნიშნულია წყლის დონის კლებაც რიონში. კერძოდ, ამ ნაწილში ვკითხულობთ:

“ჰესების კასკადის ფუნქციონირების პროცესში ცხოველებზე ნეგატიური ზემოქმედების უმთავრესი წყარო მდ. რიონის კალაპოტში წყლის დონის მკვეთრი დაკლება და ტყის ფართობის შემცირება შეიძლება ჩაითვალოს. ირიბი ზემოქმედების რეცეპტორები შეიძლება იყოს ზემოთ ჩამოთვლილი, განსაკუთრებულ დაცვას დაქვემდებარებული ცხოველებიც, რომელთა ნაწილი იძულებული იქნება განახორციელონ მიგრაცია რეგიონში არსებული, სხვა ანალოგიური ტიპის ეკოსისტემების მიმართულებით”.

სხვა მხრივ, ექსპლუატაციის ფაზაზე ცხოველთა სამყაროზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების სახეებიდან აღსანიშნავია:

• ხმაურის გავრცელებასთან დაკავშირებული ზემოქმედება;
• ღამის განათების სისტემების ზემოქმედება;
• წყლის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში წყალთან დაკავშირებულ ფრინველებზე და ცხოველებზე ზემოქმედება.

რაც შეეხება მდინარე რიონის იქთიოფაუნას, გზშ-ში ღნიშნულია, რომ მდინარის ჩამონადენის დროში გადანაწილება არღვევს თევზების გამრავლების და არსებობის ჩამოყალიბებულ პირობებს და რიგი რეჟიმების ცვლას იწვევს, რაც თევზის გადაადგილების, კვებისა და სხვა პირობებზე აისახება.

გზშ არასრულყოფილია, საფრთხეები – რეალური: არასამთავრობოების კრიტიკა

ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივისა” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ მომზადებულ წინასწარ შეფასებაში  ნათქვამია, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში პროექტის მნიშვნელობა “ძალზე ზერელედ არის განმარტებული” და მისი მახასიათებლების შესახებ სრულ სურათი არ ჩანს.

ორგანიზაცია დასძენს, რომ ანგარიშში არ არის აღწერილი “სრული პროექტი” და აღწერა ჰესთან დაკავშირებულ ყველა დამხმარე საქმიანობას არ მოიცავს. სახეობათა პოპულაციები და მათი ჰაბიტატები, რომლებზეც პროექტმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს, “მწვანე ალტერნატივის” აზრით, ხარვეზებით არის აღწერილი:

“პროექტში აღნიშნულია, რომ „შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტურად გატარების და მუდმივი მონიტორინგის პირობებში შესაძლებელია ხმელეთის ცხოველებზე ზემოქმედების „საშუალო“ მნიშვნელობამდე დაყვანა“. თუმცა არასრულყოფილი გზშ და შემოთავაზებული შემარბილებელი ღონისძიებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ისინი ეფექტური იქნება”.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, რიონზე პროექტის უარყოფითი გავლენა აშკარაა.

“პროექტის თანახმად, ორივე ჰესის შემთხვევაში ძალურ კვანძებზე წყლის მიწოდება მოხდება 19 მიმყვანი გვირაბების საშუალებით და სათავო ნაგებობების ქვედა ბიეფებში მოქცეულ მონაკვეთებზე (ონი 1 ჰესის შემთხვევაში გავლენის ზონაში მოქცეული მდ. რიონის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 14.5-15 კმ-ს, ხოლო ონი 2 ჰესის პროექტის გავლენის ზონაში მოქცეული მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 9.5-10.0 კმ-ს) მოსალოდნელია მდინარის ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირება.

სხვა სიტყვებით, მდინარე რიონის დაახლოებით 25-კმ-იან მონაკვეთზე პროექტის ფუნქციონირების მომდევნო 50 წლის განმავლობაში წყლის რაოდენობა უკიდურესად შემცირებული იქნება. პროექტში აღიარებულია, რომ ეს ბიოლოგიურ გარემოზე მაღალი ხარისხის ზემოქმედებად უნდა ჩაითვალოს”, – აღნიშნავს მწვანე ალტერნატივა.

ამას გარდა, ორგანიზაციის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მძიმე ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით ვიბრაციის გავრცელება და სხვა სამუშაოები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სოფელ ლაგვანთას, ვინაიდან საავტომობილო გზა, რომლითაც მძიმე ტექნიკა ისარგებლებს, გადის ამ სოფლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, გარდა შეწუხებისა და დაბინძურებისა, არსებობს შენობა-ნაგებობებზე ზემოქმედების რისკი.

რაჭაში ჰესების მშენებლობის საკითხს 12 მაისს გამოეხმაურა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).  ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ “რაჭას ჰესები კი არა, დიდი ეროვნული პარკი სჭირდება”.

პროექტის გარშემო განვითარებულ პროცესებს ჰესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც” ეხმაურება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ონის კასკადების პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა პანდემიის პირობებში არასწორი გადაწყვეტილება იყო.

“ქვეყანა აშენებს სტრატეგიულ ობიექტს, როცა არ გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობა”

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის უფროსის, თეა გოდოლაძის აზრით, ისეთ რეგიონებში, როგორიც რაჭაა, დიდი პროექტების განხორციელება ცალსახად უარყოფითი გადაწყვეტილებაა.

“უნდა იყოს პატარა პროექტები, რომლებიც ნაკლებ ზიანს მოუტანენ გარემოს, მაგრამ პატარა პროექტები მატერიალურად არ არის კომპანიებისთვის მომგებიანი და მიდიან დიდ პროექტებზე, რომლებიც საზიანობა სახელმწიფოსთვის, მოსახლეობისა და გარემოსთვის”, – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ასევე არასწორია ონის კასკადების პროექტის შედარება იმ ჰესებთან, რომლებიც რეგიონში 1991 წლის მიწისძვრის დროს უკვე აშენებული იყო.

“ონში, ამ ტერიტორიაზე, დიდი კასკადი ან სამშენებლო ობიექტი[ამ პერიოდში] არ ყოფილა. მეწყრულ ზონაში რომ ყოფილიყო ეს კასკადი, როგორიცაა ნამახვანის პროექტი ან ის, რასაც რიონზე აშენებენ, მაშინ რას ფიქრობენ? ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომებია”.

“შაორისა და ლაჯანურის შედარება ერთმანეთთან და ამ ტიპთან არის აბსოლუტურად არათანაზომადი. ლაჯანური ახლაც პრობლემაა. ლაჯანურს ვერ ვიყენებთ ისე, როგორც უნდა გამოვიყენოთ, თვითონ რიონის სპეციფიკიდან გამომდინარე”, – აღნიშნავს თეა გოდოლაძე.

კომპანიის ნათქვამს, რომ 1991 წლის რაჭის მიწისძვრის დროს უკვე აშენებულ ჰესებს, როგორიცაა შაორი და ლაჯანური, მოსახლეობისთვის ზიანი არ მოუტანია, გოდოლაძე ასე პასუხობს:

“შაორსა და ეპიცენტრულ ზონას შორის მანძილი დათვალონ”.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის, ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, კანონმდებლობის პრობლემა იჩენს თავს, რომლის მოწესრიგებაზეც სახელმწიფო არ ზრუნავს:

“ქვეყანას არ გააჩნია კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს მაღლივი კაშხლების მშენებლობას და ისე აშენებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებთან არის დაკავშირებული.

ის, რომ მე ენერგია მინდა, არ ნიშნავს, რომ გაუცნობიერებლად, მოსამზადებელი პერიოდისა და ცოდნის გარეშე შევუდგე ასეთი პროექტების კეთებას, რომელიც დროის დიდ მონაკვეთში მეტ ზიანს მომიტანს, ვიდრე დადებითს. ეს პრობლემა უკვე სახეზეა დარიალჰესის, მესტიაჭალის, შუახევჰესის შემთხვევაში”.

გარემოს დამცველები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში სასამართლოში იჩივლონ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების კანონიერებაზე, თუმცა ამ ეტაპზე საკითხის დეტალური სამართლებრივი შესწავლა მიმდინარეობს.

საქართველოში დაგეგმილი ჰესების რუკა

მასალების გადაბეჭდვის წესი