ახალი ამბები

დავრწმუნდი, სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და გადავდექი – რაჭის გუბერნატორი

31 ივლისი, 2020 • 1282
დავრწმუნდი, სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და გადავდექი – რაჭის გუბერნატორი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ დამანგრეველი სტიქიიდან რამდენიმე დღეში გადადგომის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ პირადი მიზეზით გადაწყვიტა. ამის შესახებ ჯაფარიძემ დღეს, 31 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

“ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. გარკვეული დროის უკან გადავწყვიტე ეს. რაც შეეხება სტიქიას და მასთან კავშირს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ მოხდებოდა სტიქიის პრევენციული ღონისძიებების მართვა. პირველივე წუთიდან, როცა სტიქია მოხდა, მე ჩართული ვიყავი აქტიურად… გადანაწილებული იყო ფუნქციები სამინისტროებს შორის და მე დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა  და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება”, – თქვა არჩილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციტივით შექმნილი შტაბში ფუნქციები სწორადაა გადანაწილებული სამინისტროებს შორის.

“ძალიან კარგად აეწყო შტაბი. შესაბამისად, შესაძლებელია, ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. გამომდინარე აქედან, მე ხომ ვერ დაველოდებოდი? გამომდინარე აქედან, მე მივიღე გადაწყვეტილება”, – განმარტა ჯაფარიძემ.

მან უარყო რაიმე სახის დაპირისპირება მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და ამას ჭორი უწოდა.


რაჭაში რამდენიმე დღის წინ სტიქია მოხდა. უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ხოლო ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წყალმა წაიღო. გუშინ, 30 ივლისს, რეგიონში მყოფმა პრემიერმა თქვა, რომ 4 სოფელთან კავშირის სრულად აღსადგენად მინიმუმ ერთი თვე იქნება საჭირო.

გახარიას თქმითვე, სტიქიამ მაგისტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი ჩამოანგრია, რომელთა აღდგენაც დაახლოებით 30 მლნ ლარი დაჯდება. ასევე, სრულად აღსადგენია 4 ხიდი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი