ახალი ამბები

სპეციალური სახაზავი საფრანგეთიდან და ამერიკული დიზაინის საარჩევნო კაბინა

14 აგვისტო, 2012 •
სპეციალური სახაზავი საფრანგეთიდან და ამერიკული დიზაინის საარჩევნო კაბინა

”ჩვენ ასეთი ამერიკაში ვნახეთ, აქვს პლასტმასის მაგიდა, კონსტრუქცია იკეცება და ყუთში თავსდება, სულ 5 კგ-ს იწონის.   ხმის მიცემის კაბინა საქართველოში შევუკვეთეთ. ძველი კაბინები კი, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, დაიჟანგა და მწყობრიდან გამოვიდა,” – განაცხადა  ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ბათუმში უსკოს კომისიის წევრებთან შეხვედრის დროს. 

 

პლასტმასის 5 –კილოგრამიანი კაბინა 100 ლარი ღირს, აჭარაში საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემ კაბინებს უსკო შეიძენს, დანარჩენ საქართველოში კი – ცესკო.

 

კიდევ ერთი ახალი საარჩევნო ატრიბუტი სპეციალური სახაზავი იქნება, რომლის ანალოგიც საფრანგეთშია: ეს იქნება სახაზავი, რომელიც ამომრჩეველს დაეხმარება, საარჩევნო სიაში თავისი სახელის და გვარის გასწვრივ ხელი მარტივად მოაწეროს, ანუ ამ  გამჭვირვალე სახაზავის  ბოლო ნაწილი ამოჭრილი იქნება, რაც ამომრჩეველს და  რეგისტრატორს უჯრის არევის საშუალებას არ მისცემს არჩევნების დღეს. 

 

წელს საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები უნიფორმით გამოჩნდებიან და შეიცვლება დამკვირვებლების ”ბეიჯების” ფორმაც. ყველა უბანზე იქნება ქსეოროასლის აპარატი და კომპიუტერი.

 

”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, კახა სოფროძამემ  ცესკოს წევრებს შესთავაზა, რომ რადგან გასაჩივრების ვადები შეზღუდულია, ოლქიდან  საჩივრები ცესკომ  ელქტრონულად მიიღოს. ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა   განაცხადა, რომ ელექტრონულად საჩივრის  მიღება  ახალი  დავის საგანი გახდება და ასეთი პრაქტიკისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ. 

 

ცესკო წლევანდელი არჩევნებისთვის 29 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც 4 მილიონით მეტია გასულ არჩევნებთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი