გარემოსდაცვითი ზედამხევდელობის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ფეისბუკზე გავრცელებული ფოტოს ავტორს, რომელშიც მოკლული გარეული ველის კატა და ტყის ქათამი უჭირავს, ახსნა-განმარტება ჩამოართვეს.
დეპარტამენტის გავრცელებული განცხადების თანახმად, ფოტოს ავტორი აცხადებს, რომ მოკლული გარეული ველის კატა გზაზე იპოვა. შესაბამისად, დეპარტამენტმა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით სამართალდამცავ ორგანოებში გადააგზავნა:
“მოქალაქე აცხადებს, რომ ნადირობის შედეგად მოიპოვა ორი ერთეული ქათამი, ხოლო კატის მოკვლის ფაქტს უარყოფს და მისი განცხადებით, მოკლული კატა გზად სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა და გადაიღო ფოტო. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა სანადირო თოფის სარეგისტრაციო მოწმობა და გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დაილუქა სანადირო თოფი. ჩამოერთვა ორი ცალი ტყის ქათამი და გარეული ველის კატა. შედგა შესაბამისი აქტი და ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში,” – აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდება. ამ მუხლის (მე-12 ნაწილი) თანახმად, ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.