ახალი ამბები

22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას ვიწყებთ – გარემოს ეროვნული სააგენტო

13 მარტი, 2024 • 1197
22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას ვიწყებთ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებენ.

როგორც სააგენტო აცხადებს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მატება, რაც მყინვარებზე უარყოფითი პროცესების გამწვავებას შეუწყობს ხელს.

„შესაბამისად, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, შესაძლოა, სტიქიური პროცესების განვითარების რისკები გაიზარდოს. მყინვარულ ხეობებში საფრთხეების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის საჭიროა გლაციალური, კასკადური საფრთხეების გამოვლენა და რისკების დეტალური შეფასება, ასევე, რისკის ზონებში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება.

აღნიშნული კვლევების განხორციელება მიზნად ისახავს მყინვარულ ხეობებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო სტიქიური მოვლენების განვითარებით მიყენებული უარყოფითი შედეგების მაქსიმალურ შერბილებას“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, კვლევის განხორციელება ორ ეტაპად იგეგმება – პირველი ეტაპი მოიცავს მყინვარებზე არსებული საფრთხეების განსაზღვრას, ხოლო მეორე ეტაპი – გამოვლენილი საფრთხეების საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებას.

„აღნიშნულ კვლევებს მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანია – “GEOTEST AG” შეასრულებს, რომელმაც დევდორაკ-ამალის ხეობაში განვითარებული გლაციალური ღვარცოფის შემდგომ განგაშის სისტემის ინსტალაცია, ასევე კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება განახორციელა“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი