“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება გაოთხმაგდება – გამოიყოფა 100 მილიონი ლარი,”- წერია მოძრაობის წინაასარჩევნო პროგრამებში, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა ამომრჩეველს დღეს, 14 აგვისტოს, მაჟორიტარების წარგდგენის დროს დაურიგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილმა სახელმწიფო სახსრებმა 2012 წელს 22 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. იგივე რაოდენობის ფულადი რესურსი გამოყო სახელმწიფომ საპატრიარქოსთვის 2011 წელსაც.
ნეტგაზეთისთვის მიცემულ კომენტარში ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ლევან ვეფხვაძემ მაშინ თქვა, რომ აღნიშნული თანხა არასაკმარისია.
“იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს რაიმე სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც სახელმწიფოს დაავალდებულებს, გამოყოს თანხა საპატრიარქოსთვის, სახელმწიფოსა და საპატრიარქოს პარტნიორობის ფარგლებში უნდა მოხდეს დამატებითი თანხების გამოყოფა, რადგან ეკლესიის იმ სოციალური პროექტებისთვის, რაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრებისთვის, უმწეოთა თავშესაფრებისთვის, მიტოვებული ორსული ქალების თავშესაფრებისთვის მუშაობს, ეს თანხები არასაკმარისია,”- განაცხადა ვეფხვაძემ.
გარდა ბიუჯეტის გაზრდისა, ქრისტიან – დემოკრატები საარჩევნო პროგრამაში წერენ, რომ “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იქნება სახელმწიფოს უმთავრესი პარტნიორი სოციალური პროექტების განხორციელებისას.”