ხელოვნება

„ბანანისა და კომშის პუდინგის” ექსპორტი მოლდავეთში

28 აპრილი, 2010 • 2301
„ბანანისა და კომშის პუდინგის”  ექსპორტი მოლდავეთში

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ეჟენ იონესკოს IX საერთაშორისო თეატრალურ ბიენალეზე მიემგზავრება, რომელიც მოლდოვეთში,  კიშინიოვში გაიმართება.

 ბათუმის თეატრი პრესტიჟულ თეატრალურ ბიენალეზე გიორგი თავაძის ბოლო ნამუშევარს `ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით~ წარმოადგენს, რომელიც საქართველოს უახლოეს წარსულს ასახავს და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს რუსული აგრესიისადმი.

 ბათუმის თეატრი სპექტაკლს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კიშინიოვის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე წარმოადგენს, იმავე დღეს კიშინიოვის ნაციონალურ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ქართული ნაციონალური ბალეტის, “ლეგას” კონცერტი.

სცენა  სპექტაკლიდან ”ბანანისა და კომშის პუდინგი”
სცენა სპექტაკლიდან ”ბანანისა და კომშის პუდინგი”

 ქართული პროგრამის დასრულების შემდეგ ეჟენ იონესკოს საერთაშორისო ბიენალეს გენერალური დირექტორი პეტრუ ვიტკარაუ და ბათუმის თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას გამართავენ. `ასეთი ფორმით აღნიშნავს მოლდოვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს~ -აცხადებს პეტრუ ვიტკარაუ.

 “აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობის მიღება უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რადგან ქართველები სპექტაკლს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოვადგენთ, რაც სიმბოლურიცაა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მოლდოვაში სხვა საჩუქრებთან ერთად, პატარა ზომის 500 ცალი საქართველოს სახელმწიფო დროშის შეძენა და ქართველების სპექტაკლზე მოსული მაყურებლისთვის დარიგება” – აცხადებს ბათუმის თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში.

 ეჟენ იონესკოს საერთაშორისო თეატრალური ბიენალეს ორგანიზატორია კიშინიოვის ეჟენ იონესკოს სახელმწიფო თეატრი, ბიენალე სახელმწიფოებრივი სტატუსის მატარებელია და მოლდოვეთის მთავრობის პატრონაჟით ხორციელდება.

 იონესკოს ბიენალე სამი მიმართულებით – თეატრი, მუსიკა და ცეკვა – მუშაობს.

იონესკოს IX საერთაშორისო ბიენალეში მონაწილეობენ მხოლოდ პროფესიონალური თეატრალური ჯგუფები რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 საფესტივალო პროგრამა წარმოდგენილი იქნება კიშინიოვის ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი