ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ოთხმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოიკვლია. აღნიშნული კვლევები პოლიტიკური პარტიების შესახებ განსხვავებულ რეიტინგებს იძლევა.
მაგალითად, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მონაცემებით, რომელმაც კვლევა ივნისში (4-22 ივნისი) ჩაატარა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 36% უჭერს მხარს.
თითქმის იმავე პერიოდში (6-9 ივნისი) ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც GREENBERG QUINLAN ROZNER-მა საქართველოში მმართველი პარტიის დაკვეთით განახორციელა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 57% ემხრობა, რაც 21%-ით აღემატება NDI-ის მონაცემებს.
კვლევა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ (26 ივნისი – 4 ივლისი) განახორციელა “საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა” (IRI), აჩვენებს, რომ მმართველ პარტიას გამოკითულთა 43% უჭერს მხარს, რაც 7%-ით აღემატება NDI-ის იმავე მაჩვენებელს და 14%-ით ჩამორჩება GREENBERG QUINLAN ROZNER-ის მონაცემს.
ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ – Penn Schoen Berland კვლევა ივლისის თვეში (3-15 ივლისი) ჩაატარა, რომლის მიხედვითაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 41% უჭერს მხარს. ეს პირველი კვლევაა, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის რეიტინგი მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით 1%-ით ჩამორჩება მის მთავარ ოპონენტს – კოალიცია “ქართულ ოცნებას”.
მმართველი პარტიის მსგავსად, განსხვავდება ზემოთ აღნიშნული ოთხივე კვლევის შედეგებით “ქართული ოცნების” მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის მაჩვენებელი: NDI-ის კვლევით, “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 18% ემხრობა, IRI-ის კვლევით – 24%, GREENBERG QUINLAN ROZNER-ის მონაცემებით – 31%, ხოლო Penn Schoen Berland-ის კვლევით – 42%.
კვლევით ორგანიზაციებს მითითებული აქვთ, რომ ცდომილება 2-დან 2.5%-მდეა, თუმცა მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ერთმანეთისგან გაცილებით მეტი პროცენტული მაჩვენებლით განსხვავდება.
კოალიცია “ქართული ოცნება” უნდობლობას უცხადებს NDI-ისა და IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს, მმართველ პარტიას ანალოგიური დამოკიდებულება აქვს Penn Schoen Berland-ის კვლევის მიმართ:
“ვის დაფინანსებულ კვლევას უნდა ვენდო, ბიძინა ივანიშვილის?!” – აცხადებს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი Penn Schoen Berland-ის კვლევის შესახებ და NDI-ისა და IRI-ის კვლევის შედეგების უტყუარობაზე საუბრობს.
კომპანია Greenberg Quinlan Rozner–ისა და Penn Schoen Berland–ის ვებ–გვერდებზე მითითებულია, რომ ისინი მუშოაბენ პოლიტიკური ლიდერებისთვის პოლიტიკური კამპანიის და სტრატეგიის დაგეგმვის კუთხით. Greenberg Quinlan Rozner–თან უკვე წლებია თანამშრომლობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
Penn Schoen Berland–ი კი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ბილ კლინტონის, ტონი ბლერისა და სილვიო ბერლუსკონის საარჩევნო კამპანიაში, საქართველოში ახლახან გამოჩნდა. ამ ორგანიზაციამ კვლევა საქართველოში ბერლინში რეგისტრირებული კომპანიის – “საქართველოში დემოკრატიის ევროპული პლატფორმის” (EPDIG) დაკვეთით განახორციელა.
ამ დამკვეთის ორგანიზაციის – EPDIG-ის დამფუძნებელი ბიძინა გიორგიბიანია, რომელმაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) ინფორმაციით, როგორც “კონსერვატიული პარტიის” წევრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო მიზნებისთვის თანხა ჩაურიცხა ფონდ “ქომაგს”, რაც სახელმწიფომ მიიჩნია უკანონო შემოწირულობად, რისთვისაც დაჯარიმდა კიდეც. თუმცა თავად გიორგობიანმა უარყო ეს ბრალდება, უარი თქვა ჯარიმის გადახდაზე და განაცხადა, რომ “კონსერვატიული პარტიის” საგარეო ურთიერთობათა მდივნის პოსტი 2011 წელს დატოვა.
Penn Schoen Berland–ის კვლევისთვის საველე სამუშაოები კომპანია ”ფსიქოპროექტმა” (Psychoproject) განახორციელა, რომლის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ზურაბ ბიგვავაა.
კოალიცია “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე კატეგორიულად უარყოფს Penn Schoen Berland–ის კვლევასა და ბიძინა ივანიშვილს შორის რაიმე სახის კავშირს:
“ბიძინა გიორგობიანს ბიძინა ივანიშვილთან არაფერი საერთო აქვს გარდა იმისა, რომ ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ. არც ფონდი “ქომაგია” დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. “ქომაგი” არის ია მეტრეველის. შესაბამისად, ამ კვლევით ორგანიზაციებს არავითარი კავშირი არ აქვთ ივანიშვილთან”.
ფანჯიკიძე ვარაუდობს, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგებში სხვაობის მიზეზი განსხვავებული მეთოდოლოგიების გამოყენებაა:
“მე ვფიქრობ, რომ მეთოდოლოგია ძალიან ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს კვლევის შედეგებს. მე არც ერთის მეთოდოლოგია არ ვიცი, არც ამ Penn Schoen Berland–ის, არც NDI-ის და არც IRI-ის”, – აცხადებს ფანჯიკიძე.
ჩატარებული კვლევების მიხედვით, განსხვავდება დანარჩენი ოპოზიციური პარტიების რეიტინგებიც. მაგალითად, Penn Schoen Berland–ის კვლევით, დანარჩენი პარტიების რეიტინგი, ჯამში, 8%–ს შეადგენს; GREENBERG QUINLAN ROZNER-ის მონაცემებით, გამოკითხულთა 4% მხარს “ქდმ”-ს უჭერს, ხოლო 1% – “ლეიბორისტებს”.
“ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ერთ–ერთი მიზეზი, რაც ამ კვლევებში განსხვავებას წარმოშობს, საზოგადოების არაგულწრფელობაა:
“აქ, მე მგონი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში პარტიების რეიტინგებთან მიმართებაში სხვანაირი დამოკიდებულება არსებობს. თვითონ საზოგადოების განწყობა არ არის იმისკენ, რომ გულწრფელად თქვან, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს, ამიტომ ამ ნაწილთან მიმართებაში ჩვენც გარკვეული უნდობლობა გაგვაჩნია”, – ამბობს ნაჭყებია “ნეტგაზეთთან” საუბარში.
პოლიტიკურმა პარტიამ – „თავისუფალი საქართველო“ მსგავსი უნდობლობის დასაძლევად სოციოლოგიური კვლევის ერთობლივი დაფინანსების ინიციატივით მიმართა დღეს სხვა პოლიტიკურ პარტიებს.
“საქართველოში მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების შესახებ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევები სამართლიანად იწვევს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის უნდობლობას, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული ტენდენციით სოციოლოგია იქცა იმ ძალების პროპაგანდის საშუალებად, რომელთა დაფინანსებითაც ტარდება კვლევა”, – აცხადებენ “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლები. მათ მიაჩნიათ, რომ ერთობლივი დაფინანსებით ჩატარებული კვლევა პოლიტიკურ პარტიებს მისცემს რეალურ შედეგებს მოსახლეობის განწყობებთან დაკავშირებით.