ახალი ამბებირეკლამა

დაინახე, გაიგე, იპოვე…ეს საზოგადოებრივია!

4 ნოემბერი, 2016 • 2371
დაინახე, გაიგე, იპოვე…ეს საზოგადოებრივია!

საზოგადოებრივი -სიღრმისეული მედია

[red_box]რებრენდინგის საჭიროება[/red_box]

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო შეფუთვით მაუწყებლობს, რაც ორგანიზაციაში მიმდინარე რებრენდინგის და ცვლილებების შედეგია. რებრენდინგი არხების მხოლოდ ვიზუალური იერსახის ტრანსფორმაციას არ გულისხმობს და საეთერო პროდუქციის წარმოების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს ასახავს. არსებული სიახლეები მაუწყებლის სტრატეგიას, პროგრამულ პრიორიტეტებს, საზოგადოებრივი აზრისა და ექსპერტული კვლევის შედეგების ანალიზს ეფუძნება.

[red_box]კონცეფცია[/red_box]

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჟამად პოზიციონირებს როგორც პირველი არხი, რეალურად კი შედგება სამი სატელევიზიო, ორი რადიო და ვებ არხებისგან. დადგა ამ არხების გამაერთიანებელი სიმბოლოს შექმნის აუცილებლობა, რომელიც ტრადიციაზე დამყარებულ ინოვაციას გულისხმობს.

[red_box]სიმბოლო[/red_box]

ახალი შეფუთვა და ლოგო სამი პლატფორმის – ტელევიზია, რადიო, ვებ გვერდი – ერთიანობას უსვამს ხაზს და მას ერთ, უნიკალურ ფორმაში უყრის თავს. ამ თვალსაზრისით, ლოგოს აგებულების საფუძველი და ინსპირაცია სამი პლატფორმისგან შექმნილი სამკუთხედია, რაც, თავის მხრივ, სატელევიზიო ანძის ფუძის ანალოგია. ის ქვეყნის პირველი ტელევიზიის, რომელსაც სულ მალე 60 წელი შეუსრულდება, ასევე პირველი და ერთადერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას მოიაზრებს. სწორედ ამ კონცეპტუალური გაერთიანებით შეიქმნა ფორმა, რომელიც ერთადერთობის და პირველობის სიმბოლოა და გამოხატავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრენდის ფასეულობებს, როგორიცაა სიღრმე, სიზუსტე, გამჭვირვალობა, მრავალფეროვნება და ინოვაციურობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს კონცეფცია სამივე პლატფორმისთვის თანაბრად ღირებულია.


[red_box]ფერი[/red_box]

წითელი და თეთრი ფერი სახელმწიფო სიმბოლიკის ფერებს იმეორებს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მედიასაშუალებების უმრავლესობის ლოგო სწორედ მათი ქვეყნის დროშის ფერებშია შექმნილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

[red_box]პრიორიტეტები[/red_box]

საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემების შექმნისას პრიორიტეტად არ განიხილავს სიყვითლეს და სკანდალურობას, ცდილობს სიღრმისეული და საინტერესო შინაარსის გადაცემები შექმნას, რომელიც მაღალი სტანდარტით და ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვით მომზადებული პროდუქციის დანერგვის პრაქტიკას გულისხმობს.

[red_box]პროდუქცია[/red_box]

ამ მიზნიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემები ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელია, გადაიცემა ეთნიკური უმცირესობების ენებზე, გადაცემებში აქცენტი კეთდება სოციალურ პრობლემატიკაზე, მზადდება ციკლი სოფლის მეურნეობაზე, გადაიცემა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებები, შუქდება და არქივდება კულტურის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე სიახლეები, იქმნება ორიგინალური ქართული პროდუქცია მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სახით. მაუწყებელი უარს ამბობს დაბალხარისხიანი „საპნის ოპერების“ ეთერში განთავსებაზე და ალტერნატივად მაყურებელს მაღალი ხარისხის პრემიუმ კლასის სერიალებს სთავაზობს.

აღდგა ტელეფილმების გაერთიანება, რომელიც დოკუმენტური ფილმების და მხატვრული ფილმების სტუდიებს აერთიანებს და ორიგინალურ ქართულ, მხატვრულ და დოკუმენტურ პროდუქციას აწარმოებს.

[red_box]დაინახე, გაიგე, იპოვე…[/red_box]

საზოგადოებრივ მაუწყებელს, განსხვავებით კომერციული მაუწყებლებისგან, აუდიტორიის ინფორმირების განსხვავებული მეთოდები აქვს, რაც საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის მრავალფეროვანი და სიღრმისეული გადაცემების წარმოებას გულისხმობს. შესაბამისად, მაუწყებლის გადაცემები სეგმენტირებულია სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის და ყველა ადამიანს დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო გადაცემა მისთვის ხელმისაწვდომ სამ (ტელევიზია, რადიო, ონლაინ) პლატფორმაზე, რადგან – ეს საზოგადოებრივია!

მასალების გადაბეჭდვის წესი