ახალი ამბებიკომენტარი

ნინო ლომჯარია: ეს არ არის პოლიტიკურ ხელისუფლებაში წასვლა

4 ნოემბერი, 2016 • 2443
ნინო ლომჯარია: ეს არ არის პოლიტიკურ ხელისუფლებაში წასვლა

რატომ გადავიდა “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ყოფილი დირექტორი საჯარო სამსახურში, როგორ წარმოუდგენია აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა პარლამენტში “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის ფონზე და ხომ არ განიხილება მომავალ მთავარ აუდიტორად – ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” გენერალური აუდიტორის ახლად დანიშნულ პირველ მოადგილეს, ნინო ლომჯარიას ესაუბრა:

არასამთავრობო სექტორში ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა იყავით. რატომ დაგაინტერესათ საჯარო სამსახურში მუშაობამ?

ალბათ იმიტომ, რომ გარკვეულწილად, ჩემი თავი ამოვწურე იქ, სადაც ვიყავი – 4 წლის განმავლობაში ვიყავი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, გამივიდა ვადა შარშან, თუმცა მივიღე გადაწყვეტილება, რომ გარკვეული პერიოდი დავრჩენილიყავი ორგანიზაციაში. საკმაოდ რთული წელი იყო არჩევნების თვალსაზრისით და მიმაჩნდა, რომ ჩემი იქ ყოფნა დაეხმარებოდა ახალ მენეჯმენტს, მათ შორის, წარმატებული სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში. არჩევნების შემდგეგ უკვე ვთვლი, რომ უნდა შემეცვალა საქმიანობის სფერო და მივიღე ასეთი შემოთავაზება. ნამდვილად მოულოდნელი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ უწყება არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც არის აღჭურვილი რეალური დამოუკიდებლობის ფუნქციით. ეს არის საჯარო უწყება, მაგრამ არის ნეიტრალური და ასევე ახორიციელებს ისეთ საქმიანობას, რაც ჩემს წარსულ საქმიანობასთან საკმაოდ ახლოს არის. ეს არის ანტიკორუფციული მონიტორინგი, საჯარო დაწესებულებების ფინანსების გამჭვირვალობა, მათი საქმიანობის ეფექტურობის შესწავლა და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ აქ საქმიანობა პირიქით, ჩემს გამოცდილებას კიდევ უფრო გააფართოებს. მიმაჩნია, რომ ჩემი აქ ყოფნით შემიძლია გარკვეულ პროცესებში პოზიტიური წვლილი შევიტანო, მათ შორის იმაში, რომ საზოგადოებისთვის უფრო მეტად იყოს ცნობილი, რას აკეთებს აუდიტის სამსახური, რა შედეგებს დებს, რა კეთდება იმისთვის, რომ აუდიტის სამსახური დღეს და მომავალში იყოს ისეთი, როგორი აუდიტის სამსახურებიც არსებობს განვითარებული. მე ვფიქრობ, ყველა წინაპირობაა ამისთვის. აუდიტის სამსახური დღეს ერთ-ერთი პროგრესირებადი და გამორჩეული უწყებაა, რომელიც საერთაშიროსო სტანდარტებს ამკვიდრებს თავის საქმიანობაში და შეუძლია ჩვენს სახელმწიფოს იამაყოს, რომ არსებობს ასეთი დემოკრატიული ინსტიტუტი. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ამ ტემპისა და მიმართულების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ, იგივე საკადრო პოლიტიკაც, იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკისგან.

აღნიშნეთ, რომ მოულოდნელი იყო ის შეთავაზება, რომელიც მიიღეთ ამ პოსტთან დაკავშირებით. როდის მიიღეთ შეთავაზება და კონკრეტულად – ვისგან?

შემოთავაზება იყო ოქტომბრის თვეში, პირადად, რა თქმა უნდა, გენერლური აუდიტორისგან. მე მჭირდებოდა გარკვეული დრო, რომ მიმეღო გადაწყვეტილება. შემდეგ გარკვეული ვალდბეულებები მქონდა იმ ორგანიზაციებთან, რომლებთანაც ვმუშაობდი და ვხელმძღანელობდი, მათ შორის, ერთ-ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან. ამიტომ გარკვეული დრო წაიღო იმან, რომ მომხდარიყო ვალდებულებების გადაბარება.

თქვენ უკვე დატოვეთ ყველა ის თანამდებობა, რაც აქადე გქონდათ არასამთავრიბო ორგანიზაციებში?

მე გავხდი საჯარო მოხელე და, შესაბამისად, დავტოვე ყველა ის პოსტი, რომელიც მეკავა არასამთავრობო სექტორში, მათ შორის ISFED-ში. გარდა ამისა ვიყავი გენერალური მდივანი ერთ-ერთ ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, რომელიც ასევე დავტოვე.

რა იქნება თქვენი პრიორიტეტები, რა იქნება პირველი, რაზე მუშაობასაც დაიწყებთ?

პირველ რიგში, უფრო ახლოს უნდა გავეცნო საქმიანობის სპეციფიკას და იმ მიმართულებებს, რომლებზეც ვიქნები ალბათ პასუხისმგებელი. ყველა დროში, მაგრამ განსაკუთრებით დღეს, როდესაც არსებობს კონსტიტუციური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება, განსაკუთრებით იზრდება ისეთი ტიპის უწყებების მნიშვნელობა და როლი, როგორიც არის აუდიტის სამსახური, რომელმაც თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს ობიექტურად და არაპოლიტიზებულად. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსური ნაწილის კონტროლს. ასევე ინერგება, საკმაოდ წარმატებითაც, ეფექტიანობის აუდიტიც, ანუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ საჯარო უწყებები თავიანთ უფლებამოსილებებს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფინანსების ხარჯვა იყოს არა მარტო კანონიერი, არამედ ეფექტური.

ჩემი მთავარი მიმართულება იქნება ის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმ საქმიანობის შესახებ, რასაც ახორციელებს აუდიტის სამსახური. სამწუხაროდ, დღეს მოქალაქეებს, ფართო საზოგადოებას არ აქვს ძალიან სწორი აღქმა თანამედროვე აუდიტის სამსახურის შესახებ და ის კვლავაც ასოცირდება, გარკვეულწილად, სადამსჯელო ტიპის ფინანსურ მაკონტროლებელთან, რომელიც გარკვეულ სანქციებს იყენებს, ან რევიზიას აწარმოებს უწყებებში. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. დღეს აუდიტის სამსახური ახორციელებს საქმიანობას თანამედროვე აუდიტის მეთოდოლოგიის საფუძველზე და ერთადერთი, რაც ამ უწყებას შეუძლია, არის შეამოწმოს საჯარო უწყებები და მისცეს მათ რეკომენდაციები გამოსასწორებლად. სხვა რეალური ბერკეტი, რომ ჩაერიოს მათ საქმიანობაში, მას არ აქვს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ალბათ უწყების ანგარიშების მიმართ ნდობის გაზრდა, საზოგადოების ინფორმირებულობა და საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის განხორციელება ამ ანგარიშების საფუძველზე, რომ პარლამენტმა უფრო აქტიურად გამოიყენოს ეს ანგარიშები, ეს ინფორმაცია, რასაც კონტროლის პალატა მათ აწვდის, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფინანსების ეფექტურად ხარჯვაზე.

საჭირო იქნება საერთაშორისო ურთერთობების შენარჩუნება და კიდევ უფრო გაღრმავება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პოზიტიური რამ, რასაც აუდიტის სამსახურმა უკანასკნელ წლებში მიაღწია, იყოს სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და სამომავლოდაც მათი მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

აუდიტის სამსახური ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, გენერალურ აუდიტორს ასევე ირჩევს პარლამენტი. როგორც ასევე ცობილია, ერთ ძალას აქვს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ნიშნავს, რომ ერთი ძალა იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტში. ამის გათვალისწინებით, თქვენ როგორ გესახებათ აუდიტის სამსახურის რეალური დამოუკიდებლობის შენარჩუნება?

მე ვფიქრობ, აუდიტის სამსახურს აქვს როგორც კონსტიტუციური, ასევე საკანონმდებლო დონეზე საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები. თუმცა არსებობს გარკვეული ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც აუდიტის სამსახურს უკვე შეტანილი აქვს საკანონმდებლო წინადადებები პარლამენტში, თუ როგორ უნდა იყოს უფრო მეტად უზრუნველყოფილი ის, რომ ჩვენს საქმიანობაში არ ჩაერიოს მთავრობა და არ შეიზღუდოს ჩვენი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. ამ მიმართულებითაც, ალბათ, ვიაქტიურებთ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თუკი ეს ადამიანები, ვინც იქნებიან პასუხისმგებლები აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე, იქნებიან რეალურად დამოუკიდებლები და განახორციელებენ კანონით მათზე დაკისრებულ ფუნქციებს, ეს სრულიად რეალისტური და შესაძლებელია. იმედს გამოვთქვამ, რომ არც იქნება მცდელობა, იგივე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რაიმე ტიპის საქმიანობაში ჩარევის. ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი წლების მაგალითი ცხადყოფს, რომ აუდიტის სამსახურს ნამდვილად შეუძლია დამოუკიდებლად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით თავისი საქმიანობის განხორციელება.

თქვენ იყავით აქტიური ფიგურა არასამთავრობო სექტორში. თუ გაგრძელდა ეს ტენდენცია, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სახელისუფლებო თანამდებობებზე გადავიდნენ, ეს ხომ არ დაასუსტებს ამ სექტორს?

ცვლილებები ყოველთვის არის მნიშვნელოვანი და მათ შორის, არასამთავრობო სექტორშიც, იმიტომ, რომ იქ დიდხანს ყოფნაც, გარკვეულწილად, იწვევს მეორე ტიპის მოსაზრებას, რომ რატომ არიან სულ ერთი და იგივე ადამიანები, რატომ საუბრობენ სულ ერთი და იგივე ადამიანები არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სახელით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ასეთი ტიპის აქტიურ არასათავრობო ორგანიზაციებში ხდებოდეს ცვლილება და მე ნამდვილად მეამაყება, რომ ISFED არის ერთ-ერთი დემოკრატიულად მოწყობილი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიული ვადით და არჩევნებით ირჩევს ახალ ხელმძღვანელობას. ამიტომ, პირიქით, მიმაჩნია, რომ დიდი ხანი დარჩენა შეიძლება იყოს უფრო ცუდი თვითონ სექტორისთვის იმიტომ, რომ როდესაც სულ ერთი და იგივე სახე საუბრობს, რჩება განცდა, რომ რამდენიმე ადამიანი არის არასამთავრობო სექტორი, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი და პერსპექტიული და წარმატებული ადამიანები და ახალგაზრდები მუშაობენ ენთუზიაზმით ამ სექტორში. მე ვფიქრობ, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გარკვეული პერიოდის მერე თავად დაიკავონ ეს ადგილები და იაქტიურონ.

რაც შეეხება ტენდენციას, რომ არასამთავრობო სექტორიდან მიდიან ხელისუფლებაში, პირველ რიგში, ეს არ არის პოლიტიკური ხელისუფლება, არ არის პოლიტიკური თანამდებობა. თავად უწყებას აქვს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები. აქედან გამომდინარე, მე არ ჩავთვლი, რომ ეს არის ისეთი ტიპის გადასვლა საჯარო სექტორში, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლებაში წასვლას, ან პოლიტიკურ ძალაუფლებაში გადასვლას. რეალურად, ძირითადი განსხვავება ის არის, რომ ეს არის საჯარო სექტორი, თუმცა, ფუნქციურად, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ახლოს დგას აუდიტის სამსახურის და იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეწევიან ანტიკორუფციულ აქტივობას და იკვლევენ საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის თემებს.

დაახლოებით რვა თვეში პარლამენტი ახალ გენერალურ აუდიტორს აირჩევს. თქვენ ხომ არ მოიაზრებით ამ თანამდებობაზე, ხომ არ იყო კონსულტაციები ამ საკითხზე?

ნამდვილად არანაირი მსავსი რამ. დღეს ჩემთვის პირველი სამუშაო დღეა ამ პოზიციაზე და შემოთავაზება, როგორც იცით, იყო პირადად გენერალური აუდიტორისგან. პარლამენტი აირჩევს, ბუნებრივია, და ეს იქნება მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება, უმრავლესობით უნდა აირჩიონ. მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი და სურვილი იმისა, რომ ამ პირობებში პარლამენტი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დასახელებული და მხარდაჭერილი იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც არ გამოიწვევს საზოგადოებაში ამ უწყების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას. იმედი მაქვს, ამ გზით წავა პარლამეტი, თუმცა, რა იქნება, რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ იცის.

ნინო ლომჯარია. ფოტო: სამართლიანი არჩენები (ISFED)

ნინო ლომჯარია. ფოტო: სამართლიანი არჩენები (ISFED)

მასალების გადაბეჭდვის წესი