ახალი ამბები

“ნაჯახით ნაცემი მუშები – ყველანი ქუჩებში” — აქცია ზვარეში მუშების მხარდასაჭერად

3 ნოემბერი, 2016 • 2431
“ნაჯახით ნაცემი მუშები – ყველანი ქუჩებში” — აქცია ზვარეში მუშების მხარდასაჭერად

თბილისის სოლიდარობის ქსელის” ინიციატივით 4 ნოემბერს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება თბილისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლი კომპანიის, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” წინააღმდეგ, კომპანიის მიერ ზვარეში დასაქმებული მუშების მხარდასაჭერად.

აქცია, რომელსაც ნავთობის პროფკავშირი მართავს, პარასკევს, 4 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება “ბრიტიშ პეტროლიუმის” ოფისთან (ცინცაძის 24-ში), შემდგომ კი აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზასთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

  • დადგეს ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიანიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია;
  • მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს “საქართველოს რკინიგზამ”, – ის ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ “საქართველოს რკინიგზის” ქვეკონტრაქტორია აღნიშნული კომპანია. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ზვარეში მომხდარი ინციდენტი “სხვა კომპანიის შიდა პროცესებია”, რომელზეც საქართველოს რკინიგზა ვერ გააკეთებს კომენტარს;
  • ანაზღაურდეს იძულებითი მოცდენა “საქართველოს რკინიგზის” მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად გამოძიების მიერ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

აქციის ორგანიზატორები იხსენებენ, რომ სულ რაღაც 1 თვის წინ ზვარეში მიმდინარეობდა მუშათა გაფიცვა, რადგან აღნიშნული კომპანია “არ ცნობდა ქართულ შრომით კანონმდებლობას და ეწეოდა დასაქმებულთა უხეშ ექსპლუატაციას”:

“საბოლოოდ, შეთანხმება კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შედგა მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას მოუწია პროცესში ჩართვა. მოვითხოვთ, რკინიგზის ადმინისტრაცია სასწრაფოდ ჩაერთოს პროცესში და აიღოს შესაბამისი პასუხიმგებლობა მის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, რომელიც გასცდა შრომით ექსპლუატაციას და გადავიდა სისხლის სამართლის დანაშაულზე დასაქმებულებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

“სოლიდარობის ქსელი” მოითხოვს, საზოგადოებას განუმარტონ, თუ როგორ და რა გზით შემოვიდა საქართველოში მსგავსი დამსაქმებელთა ჯგუფი.

“ასევე, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზვარეს შემთხვევა არ არის პირველი და არ უნდა მიენიჭოს ამ თემას შოვინისტური ხასიათი. შრომითი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, როგორც უცხოური, ასევე ქართული კოპმანიების მხრიდან, რასაც ხშირად ფატალური შედეგიც მოჰყვება. დღეს სახელმწიფოსთვის უფრო პრიორიტეტულია ბიზნესის და ინვესტორთა ინტერესები, რაც წარმოდგენილია ქვეყნის განვითარების ერთადერთ საშუალებად. თავის ნებაზე მიშვებული კომპანიები და ინვესტორები, რომლებიც მშრომელთა ინტერესებს და უფლებებს მუდმივად უგულებელყოფენ, განვითარების ნაცვლად შემაფერხებელ ფაქტორებად იქცევიან. ამგვარი პოლიტიკით სახელმწიფო არამხლოდ ექსპლუატაციის, არამედ მშრომელთა მიმართ ფიზიკური ძალადობის თანამონაწილეა”, – ვკითხულობთ “თბილისის სოლიდარობის ქსელის” განცხადებაში.

აქციისა და მსვლელობის მონაწილეები სახელმწიფოს მიერ შრომის პოლიტიკის გადახედვასა და ქმედითი შრომის ინსპექციის დროულად შექმნას მოითხოვენ.

2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით). პოლიციამ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე ძალადობის გამო სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა:  33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ.

გამოძიებამ კი დაადგინა, რომ დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა  15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

ზვარეს მოსახლეობა და მუშები ამჟამად  ითხოვენ, “23-ე ბიუროს ჯგუფმა” დატოვოს ობიექტი (მშენებარე რკინიგზა). მომხდარის გამო შეშფოთებას გამოხატავს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. 29.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. 29.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი