ახალი ამბები

პროტესტის მეხუთე დღე – ზვარეში გვირაბის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია

7 ნოემბერი, 2016 • 1372
პროტესტის მეხუთე დღე – ზვარეში გვირაბის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი დასაქმებული, გიორგი თაბუკაშვილი ამბობს, ამჟამად სოფელში სიმშვიდეა და არანაირ დაპირისპირებას აქვს ადგილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. თაბუკაშვილის თქმით, ამ დროისთვის მშენებლობა პარალიზებულია და მუშები საქმიანობის გაგრძელებას მანამ არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დასაქმებულები ითხოვენ, კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა” დატოვოს ობიექტი (მშენებარე სარკინიგზო გვირაბი).

2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ არმატურით, დანით, ხის ჯოხებითა და ხორცის საკეპი ნაჯახებით სცემეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. როგორც გვირაბის მშენებლობაზე ერთ-ერთი დასაქმებული ამბობს, ინციდენტის შედეგად 2 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება დანარჩენები უკვე გამოწერეს, თუმცა ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არიან.

შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. “რკინიგზის ბიუროს 23-ე ჯგუფი” მათ გათავისუფლებას მოითხოვს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”. თავდაპირველად  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება “ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე” მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).

ზვარეში კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა  15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი