ახალი ამბებისაზოგადოება

ცხოვრება უსახლკაროდ – სტატუსის და დახმარების გარეშე

3 ნოემბერი, 2016 • 2983
ცხოვრება უსახლკაროდ – სტატუსის და დახმარების გარეშე

75 წლის მაისო გურეშიძე ავადმყოფ მეუღლესთან ერთად კერძო სახლის გვერდით მდებარე საერთო სამზარეულოში, მეზობლების ნებართვით, ცხოვრობს. სახლი წლების წინ დაკარგა. როგორც ამბობს, ბინა იპოთეკით დატვირთა – თანხის დაბრუნება ვეღარ შეძლო. სახლი აუქციონზე გაიყიდა, ახალმა მფლობელმა კი ისინი სახლიდან გამოაძევა. მოხუცებს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, თუმცა რამდენიმე თვის დახმარება და პენსია წინასწარ გამოიტანეს ავადმყოფობის გამო.

ოთახი, სადაც ახლა ცხოვრობენ, 9 კვ.მ-ს მოიცავს.  საერთო სამზარეულოში, რომელშიც ცოლ-ქმარი ახლა ცხოვრობს, ორი საწოლი, ერთი პატარა მაგიდა და კარადა ეტევა. ოთახს არ აქვს ფანჯარა. ოჯახს არ აქვს ბუნებრივი აირი. ზამთარში ელექტროქურით თბებიან, რომელიც ეზოდან შეყვანილ ელექტროენერგიაზე მუშაობს.

მოხუც ცოლ-ქმარს 9 კვ,მ. ოთახში, სადაც მეზობლების ნებართვით სცოხობენ, ბუნებრივი აირი არ აქვთ. ელექტრო ღუმელი, რომელიც ზამთარში მაისო და სულიკო გურეშიძეების გათბობის ერთადერთი წყაროა, ეზოდან შემოყვანილ ელეტრო ენერგიაზე მუშაობს. 03.11.2016 ფოტო ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მოხუც ცოლ-ქმარს 9 კვ,მ. ოთახში, სადაც მეზობლების ნებართვით სცოხობენ, ბუნებრივი აირი არ აქვთ. ელექტრო ღუმელი, რომელიც ზამთარში მაისო და სულიკო გურეშიძეების გათბობის ერთადერთი წყაროა, ეზოდან შემოყვანილ ელეტროენერგიაზე მუშაობს. 03.11.2016 ფოტო ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

80 წლის სულიკო გურეშიძე საწოლსაა მიჯაჭვული. როგორც მისი მეუღლე ამბობს, მოხუცს c ჰეპატიტი აქვს და მუდმივ მზრუნველობას საჭიროებს.  იმისათვის, რომ პირმა თბილისის მერიის თავშესაფრის სერვისით ისარგებლოს, რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, იმისათვის, რომ ადამიანი თავშესაფარში მიიღონ, მას საკუთარი თავის მოვლა უნდა შეეძლოს.

დახმარების თხოვნით, როგორც მაისო გურეშიძე ამბობს, არაერთხელ მიმართეს. ერთადერთი სერვისი, რაც მუნიციპალიტეტმა მოხუცებს შესთავაზა, ბინის ქირით უზრუნველყოფა იყო, თუმცა, სერვისის არასტაბილურობიდან გამომდინარე, მოხუცი შემოთავაზებას არ დათანხმდა. როგორც ამბობს, შეეშინდა, ამჟამინდელი საცხოვრებელიც არ დაეკარგა:

“მითხრეს, რამე ბინა ნახეთ ცოტა იაფფასიანი და ქირას გადაგიხდითო. ხალხმა მითხრა, მაისო, ჭკვიანი ქალი ხარ, ვისთვისაც დაუქირავებიათ, ყველა ისევ ქუჩაში დარჩენილა, ესეც არ დაკარგოო. ამიტომ არა, არ დავთანხმდი” – ამბობს მოხუცი.

სერვისის არასტაბილურობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოკვეთა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონისტორინფის ცენტრის (EMC)” კვლევამაც:

“სახალხო დამცველი 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ომბუდსმენის განმარტებით, საქართველოში არ არსებობს უსახლკარობის დაძლევის გრძელვადიანი სერვისები. მინიციპალიტეტების დონეზე არსებული ბინის ქირით უზრუნველყოფითა და დროებით თავშესაფარში გადაყვანის სერვისი მხოლოდ დადგენილი ვადითაა ხელმისაწვდომი. ბენეფიციარებს თბილისში სერვისით სარგებლობა მაქსიმუმ 24 თვით შეუძლიათ. თავშესაფრებში კი ეს ვადა 10-18 თვემდეა განსაზღვრული,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში.

მაისო გურეშიძე ავადმყოფ მეუღლესთან ერთად საკუთარი სახლის გვერდით, საერთო სამზარეულოში მეზობლების ნებართვით ცხოვრობს. 03.11.2016 ფოტო ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მაისო გურეშიძე ავადმყოფ მეუღლესთან ერთად საკუთარი სახლის გვერდით, საერთო სამზარეულოში მეზობლების ნებართვით ცხოვრობს. 03.11.2016 ფოტო ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

არსებული სერვისებით ვერც ვალერი ჩიტაია სარგებლობს. მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) საკანონმდებლო ხარვეზებს ასახელებს. კერძოდ, უსახლკარო პირად მუნიციპალიტეტი აღიარებს ქ. თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირს, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების უფლება. ასევე უნდა დადასტურდეს, რომ მის ხელთ არსებული ქონება ან შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის. ამასთანავე, პირი ვერ ჩაითვლება თბილისის მერიის მიერ უსახლკაროდ, თუ დედაქალაქის ტერიტორია გადმოკვეთილი აქვს, სამედიცინოს გარდა, რაიმე სხვა მიზნით.

როგორც ვალერი ჩიტაია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, ბავშვთა სახლში გაიზარდა. 2012 წლამდე იქ ცხოვრობდა:

დავიბადე მოსკოვში, დამტოვეს მშობლებმა სამშობიაროში. პირველივე დღიდან უარი თქვეს მშობლებმა ჩემზე.  იქ ვიყავი ერთი წელი და 9 თვე. ქართველი რომ ვიყავი, გადმომაგზავნეს ნუცუბიძის ბავშვთა სახლში, თბილისში, სადაც 4 წლამდე ვიყავი. მაშინ 4 წლის შემდეგ ყველა იგზავნებოდა სენაკის ბავშვთა სახლში. სენაკში ვიზრდებოდი. ძალიან მძიმე პირობებში ვცხოვრობდი”, – ამბობს ჩიტაია.

სენაკის ბავშვთა სახლი ვალერიმ 2012 წელს დატოვა. როგორც ამბობს, მიზეზად ასაკი დაუსახელეს, თუმცა მას შემდეგ, რაც 18 წელი შეუსრულდა, სენაკის ბავშვთა სახლში კიდევ 10 წელი ცხოვრობდა:

მე არც სკოლა გამივლია, არც არაფერი უსწავლებიათ ჩემთვის. ვიყავით სულ ჩაკეტილ სივრცეში. 18 წელს რომ გადავაჭარბე, დამტოვეს სენაკის ბავშვთა სახლში, სანამ სახელმწიფო მოძებნიდა ალტერნატივას” – იხსენებს ჩიტაია.

როგორც ამბობს, სენაკის ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ ერთი წელი სენაკში, დროებით, მეგობართან რჩებოდა, ზოგჯერ ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა. ერთი წლის შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა. თბილისშიც, დროებით, მეგობართან ცხოვრობდა. გარკვეული პერიოდი საკუთარი ხელით შემოღობილ არამდგრად ნაგებობაში ათევდა ღამეს.

ვალერი ჩიტაიას თქმით, მან არაერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით სხვადასხვა სტრუქტურას, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც იხსენებს, თბილისის მერიაში უთხრეს, რომ სენაკში იყო რეგისტრირებული, რის გამოც მუნიციპალიტეტის მზრუნველობის ქვეშ ვერ მოხვდებოდა:

მერიაში მითხრეს, შენ სენაკში ხარ ჩაწერილიო. თუმცა სენაკშიც არ ვიყავი ჩაწერილი. ეს საბუთიც მივიტანე, რომ 2012 წელს აპრილიდან მე სენაკის ბავშვთა სახლიდან ამომწერეს,” – ამბობს ჩიტაია “ნეტგაზეთთან საუბრისას”.

დაახლოებით მსგავსი პასუხი მიიღო სოციალური მომსახურების სააგენტოშიც:

სოციალურ სააგენტოში რომ მივმართე, მითხრეს, შენ სადღაც ჩაწერილი უნდა იყოო. როგორ უნდა ვიყო ჩაწერილი? ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. აბსოლუტურად არანაირი დახმარება არ მიმიღია” – ამბობს ვალერი.

ვალერი ჩიტაია ბავშვთა სახლში გაიზარდა. 2012 წელს უთხრეს, რომ ასაკის გამო ბავშვთა სახლში ვეღარ დარჩებოდა. მას შემდეგ სტაბილური საცხოვრებელი არ გააჩნია. როგორც ამბობს, ამ ბაღშიც არაერთხელ გაუთევია ღამე. 03.11.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ვალერი ჩიტაია ბავშვთა სახლში გაიზარდა. 2012 წელს უთხრეს, რომ ასაკის გამო ბავშვთა სახლში ვეღარ დარჩებოდა. მას შემდეგ სტაბილური საცხოვრებელი არ გააჩნია. როგორც ამბობს, ამ ბაღშიც არაერთხელ გაუთევია ღამე. 03.11.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ვალერი ამჟამადაც უსახლკაროა. როგორც ამბობს, დროდადრო მეგობართან, მშენებარე კორპუსში მუშებისთვის განკუთვნილ ოთახში რჩება. ზოგჯერ კი ღამეს ბაღებსა და პარკებში ათევს:

როცა ზაფხულია, ვათენებ სკვერებში. 4 წელია ასე დავრბივარ. როგორ უნდა ვიყო ჩაწერილი, ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი – არ გამაჩნია არაფერი” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ჩიტაია. 

ვალერი ამჟამად ნუცუბიძის ბავშვთა სახლში დამხმარე მუშად მუშაობს. გარდა ამისა, დასაქმებულია თბილსერვის ჯგუფშიც. როგორც ამბობს, სამსახურის პოვნა სახალხო დამცველის დახმარებით შეძლო, თუმცა საცხოვრისით უზრუნველსაყოფად შემოსავალი არ ჰყოფნის.

იხილეთ ნეტგაზეთის სტატია, თუ რა ხარვეზებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები უსახლკარობის წინააღმდეგ მიმართულ სახელმწიფო პროგრამებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი