ახალი ამბებისაზოგადოება

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ხარვეზები

28 ოქტომბერი, 2016 • 2975
უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ხარვეზები

საქართველოს კანონმდებლობით, უსახლკაროდ განისაზღვრება პირი, რომელსაც არ გააჩნია “მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი”, დროებითი თავშესაფრით სარგებლობის მიზნებისთვის კი არსებობს “მიუსაფარი პირის” ცნება. რა ხარვეზებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები ტერმინის განმატრებასა და სახელმწიფო პოლიტიკაში, რომლის გამოც საცხოვრისის საჭიროების მქონე ადამიანი შეიძლება სახელმწიფო დახმარების მიღმა დარჩეს, ამის შესახებ კვლევა  “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) მოამზადა.

EMC-ის კვლევის მიხედვით, უსახლკარო პირის აღნიშნული დეფინიცია მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღებულ პასუხისმგებლობებს. კანონმდებლობა სრულად არ ასახავს საცხოვრისის უფლების შინაარსის დამდგენ საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში არსებული  “სოციალური დახმარების შესახებ” კანონის მიხედვით, პირის უსახლკაროდ აღიარებისთვის იგი მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრისის არმქონე უნდა იყოს და, ამავდროულად, უნდა არსებობდეს თვითმმართველობის ორგანოში მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის ფაქტი. კანონი ცხადად არ ადგენს, რა კრიტერიუმის საფუძველზე ხდება საცხოვრისის “მუდმივობის” შეფასება. ორგანიზაციის განმარტებით, არსებული დეფინიცია გამორიცხავს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, თუმცა არასათანადო პირობებში მცხოვრებ პირებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) კვლევამ გამოკვეთა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, “საცხოვრისის არმქონედ” მიიჩნევა ღია ცის ქვეშ მცხოვრები პირები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი თავშესაფარი. გარდა “სოციალური დახმარების შესახებ” კანონისა, საკითხს რამდნეიმე სამართლებრივი აქტი არეგულირებს. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომელიც განმარტავს, რომ “ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მუდმივი საცხოვრებელია, თუ პირი “ჩვეულებრივ და ყოველდღიურად” ცხოვრობს კონკრეტულ ადგილას და ამის დადასტურება საყოფაცხოვრებო დოკუმენტაციითა  არის შესაძლებელი. შესაბამისად, ქართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების მიხედვით, მუდმივი საცხოვრებლის მქონედ შეიძლება ჩაითვალოს პირი, თუ მას აქვს ფაქტობრივი საცხოვრისი, ნება ამ ადგილას ცხოვრებისთვის და ამ ნების რეალიზების შესაძლებლობა.

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საცხოვრისის სათანადოობის კრიტერიუმს და არც ადგენს სათანადო საცხოვრისის სტანდარტს. მაშინ, როცა გაეროს ფარგლებში მიღებული ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომელიც საქართველოს მიერაც სავალდებულოდაა აღიარებული, საცხოვრისის უფლებას განმარტავს უფრო ფართოდ  და არ უკავშირებს მხოლოდ ჭერის არქონას:

“კომიტეტი მიიჩნევს, რომ საცხოვრისის უფლების რეალიზება პირდაპირ უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხო, მშვიდი და ღირსეული ცხოვრების გარანტიებს. კომიტეტი განმარტავს, რომ საცხოვრისის ადეკვატურობა მოიცავს ადეკვატური პირადი სივრცის, უსაფრთხოების, განათების, ვენტილაციის, საბაზისო ინფრასტრუქტურისა და მოსახერხებელი მდებარეობის კომპონენტს” – ვკითხულობთ კვლევაში.20536

საქართველოს კანონმდებლობის დეფინიცია კი უსახლკაროდ არ მიიჩნევს ისეთ პირს, ვინც ცხოვრობს საცხოვრისის ფუნქციის მქონე ნაგებობაში, რომლის მდგომარეობაც არ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებელ სტანდარტებს. მაგალითად, სანიტარულ-ჰიგიენური მოწესრიგება, დაცულობა გარემო პირობებისგან, ნაგებობის სიმყარე და ა.შ.

გარდა იმისა, რომ ორანიზაცია კანონმდებლობას ბუნდოვნად მიიჩნევს, აქვე გამოკვეთს მეორე პრობლემას. კერძოდ, EMC-ის კვლევაში ჩანს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები პირისთვის “უსახლკაროს” სტატუსის მინიჭებისას  არ ეყრდნობიან კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციას. კვლევამ გამოავლინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები “უსახლკარობის” ცნებას საკუთარი რეგულაციებით განმარტავენ.

მაგალითად, თელავის, ჩოხატაურის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში საერთოდ არ იყენებენ უსახლკარო პირის ცნებას, რადგან ისინი პირებს უსახლკაროს სტატუსით არ არეგისტრირებენ. ამის ნაცვლად ამ მუნიციპალიტეტებს შემუშავებული აქვთ სერვისის მისაღებად განსაზღვრული  კრიტერიუმები. ამ მუნიციპალიტეტებში არსებული სერვისების მისაღებად პირის “უსახლკაროდ” რეგისტრაცია საჭირო არაა.

თბილისის მერია კი ამ კუთხით საკუთარ კრიტერიუმებს ადგენს. კერძოდ, უსახლკარო პირად მუნიციპალიტეტი აღიარებს ქ. თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირს, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების უფლება. ასევე, უნდა დადასტურდეს, რომ მის ხელთ არსებული ქონება ან შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის. ამასთანავე, პირი ვერ ჩაითვლება თბილისის მერიის მიერ უსახლკაროდ, თუ დედაქალაქის ტერიტორია გადმოკვეთილი აქვს, სამედიცინოს გარდა, რაიმე სხვა მიზნით.

პრობლემაა არსებული სერვისების არასტაბილურობაც. სახალხო დამცველი 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ომბუდსმენის განმარტებით, საქართველოში არ არსებობს უსახლკარობის დაძლევის გრძელვადიანი სერვისები. მინიციპალიტეტების დონეზე არსებული ბინის ქირით უზრუნველყოფითა და დროებით თავშესაფარში გადაყვანის სერვისი მხოლოდ დადგენილი ვადითაა ხელმისაწვდომი. ბენეფიციარებს თბილისში სერვისით სარგებლობა მაქსიმუმ 24 თვით შეუძლიათ. თავშესაფრებში კი ეს ვადა 10-18 თვემდეა განსაზღვრული.

გამომდინარე აქედან, კვლევის ავტორები პრობლემას სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობაში ხედავენ. საცხოვრისის უფლების გარანტირების საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და შიდა კანონმდებლობაში არსებული რამდენიმე სუსტი და ბუნდოვანი ჩანაწერების მიღმა საქართველოში 2014 წლამდე არ არსებობდა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც სახელმწიფო აღიარებდა უსახლკარობის პრობლემას. მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა სტრატეგიამ (2014-2020) მოახდინა საცხოვრისის უფლების რეალიზების, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევის დეკლარირება. თუმცა სტრატეგია არ აისახა საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმებში.

ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს უსახლკაროთა აღრიცხვის ერთიანი სისტემა და მონაცემთა ბაზა. ქვეყანაში დღემდე არ იწარმოება სტატისტიკა, რაც შესაძლებელს გახდიდა უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ მონაცემთა გამოკვლევას და მათი საჭიროებების განსაზღვრას. EMC-ის განცხადებით, აღნიშნული რესურსების არარსებობა საშუალებას არ იძლევა, უსახლკარობის გამომწვევი მიზეზები დადგინდეს და მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოხდეს. ის სერვისები კი, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, არაა მიმართული პრობლემის პრევენციასა და უსახლკარო პირების მხარდაჭერისა და გაძლიერებისკენ:

“ფაქტობრივად, არ მოქმედებს უსახლკარობის დაძლევის გრძელვადიანი სერვისები, ხოლო მუნიციპალურ დონეზე მოქმედი საცხოვრისის დროებითი სერვისები მხოლოდ უსახლკარო შინამეურნეობების მდგომარეობის დროებით გაუმჯობესებას ემსახურება და არ ითვალისწინებს უსახლკაროთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და მათი გაძლიერების, რეინტეგრაციის კომპონენტებს, რაც შეუძლებელს ხდის უსახლკარობის მდგომარეობის დასრულებას,” – ნათქვამია კვლევაში.

კვლევით გამოკვეთილი ხარვეზების ფონზე, ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია სწორედ ეროვნული სტრატეგიის შექმნას გულისხმობს.  რომელიც დაეფუძნება კვლევით მონაცემებს უსახლკაროთა რაოდენობის, ფორმების, საჭიროებებისა და უსახლკარობის მიზეზების შესახებ. EMC-ის განცხადებით საჭიროა სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდეს უსახლკარო პირთა იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის ერთგვაროვანი სისტემა და მეთოდოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსახლკარობის მდგომარეობაში, ასევე უსახლკარობის რისკის ქვეშ მყოფი პირების გამოვლენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი