ახალი ამბები

რატომ ითხოვს ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში არჩევნების შედეგების გაბათილებას

2 ნოემბერი, 2016 • 4819
რატომ ითხოვს ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში არჩევნების შედეგების გაბათილებას

მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ ის შედეგი, რომელიც მცხეთაში II ტურში დაფიქსირდა, რეალობას არ ასახავს. მაჟორიტარული არჩევნების მე-2 ტურში ჩოჩელი მმართველი გუნდის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძესთან 60 ხმით დამარცხდა.

მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ცესკოში 7 საჩივარია შესული, რომელთაგან ხუთის ავტორი ჩოჩელის წარმომადგენლები არიან, ერთი საჩივარი დაწერა საიამ, ხოლო ერთი – “მწვანე დედამიწამ”. საჩივრებში გაპროტესტებული თემები რიგ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. თითქმის ყველა საჩივარი შემაჯამაბელ ოქმებს ან ხმის დათვლის პროცედურას ეხება.

#1 საჩივარი

ჩოჩელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მცხეთის #12 უბანზე ხმები თავიდან უნდა გადაითვალოს. შემაჯამაბელ ოქმში დაფიქსირებულია, რომ  არჩევნებში მონაწილეობა უბანზე სულ 683-მა ამომრჩეველმა მიიღო. ოფიციალური მონაცემებით ხუნდაძეს მხარი დაუჭირა 442-მა ამომრჩეველმა, ჩოჩელს – 220-მა, ხოლო 21 ბიულეტინი გაბათილდა.

ჩოჩელის წარმომადგენლებს ცესკოში წარდგენილი აქვთ ფოტო, რომელიც მათი თქმით, ამ უბანზე ხმების დათვლის პროცესს ასახავს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ფოტოზე მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელია, რომ ოქშმი დაფიქსირებული შედეგი, რომლის მიხედვითაც ერთმა კანდიდატმა მეორეზე ორჯერ მეტი ხმა აიღო, სიმართლეს იყოს.

ცეზარ ჩოჩელის მიერ ცესკოში წარდგენილი ფოტო

ცეზარ ჩოჩელის მიერ ცესკოში წარდგენილი ფოტო

 

ცეზარ ჩოჩელის საჩივარი

ცეზარ ჩოჩელის საჩივარი

ცეზარ ჩოჩელის საჩივარი

ცეზარ ჩოჩელის საჩივარი

 

#2 საჩივარი

ცეზარ ჩოჩელის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ #41 უბანზე გაბათილდა 16 ისეთი ბიულეტენი, რომელშიც ამომრჩევლის ნება გამოხატული იყო ჩოჩელის სასარგებლოდ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეომასალა ავრცელებს ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი”:

 

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცეზარ ჩოჩელი ითხოვს, რომ არა მხოლოდ ამ უბანზე, არამედ მცხეთის ოლქში ყველა გაბათილებული ბიულეტენი გაიხსნას და თავიდან შემოწმდეს.

ცეზარ ჩოჩელის საჩივარი #41 უბანტან დაკავშირებით

ცეზარ ჩოჩელის საჩივარი #41 უბანტან დაკავშირებით

 

41-ე უბნის შემაჯამაბელ ოქმს ხელს ცესკოს ცამეტი წევრი აწერს. ოქმი დაახლოებით ღამის 01 საათზე შეივსო. შემაჯამაბელი ოქმის მიხედვით უბანზე სულ 43 ბიულეტენი ჩაითვალა ბათილად.

14889755_10211211670432649_3209987365516605966_o

 

ზემოხსენებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით #41-ე უბნის გაბათილებული ბიულეტენების თავიდან შემოწმებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს. შესაბამისი საჩივრით მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაც მათ მიმართეს.

 

საჩივარი #3

ორგანიზაცია “მწვანე დედამიწა” მცხეთის ოლქში 11 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლას ითხოვს. ორგანიზაციის განცხადებით, შემაჯამაბელ ოქმებში მოცემული რიცხვები არ ემთხვევა მათი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს.

მწვანე დედამიწის საჩივარი მცხეთის საოლქო კომისიაში

მწვანე დედამიწის საჩივარი მცხეთის საოლქო კომისიაში

8 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს ცეზარ ჩოჩელიც. მისი წარმომადგენლების განცხადებით, №05; 11; 14; 20; 31; 33; 37 და 39-ე უბნებზე მთვლელები ბიულეტინების დათვლის საჯაროობის პრინცპის არღვევდნენ, რადგან ღიად არ აცხადებდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა მიღებული ხმა და ისე ალაგებდნენ ბიულეტენებს დასტებად, ხოლო დასტების გადათვლის დროს მათ წარმომადგენელს საშუალებას არ აძლევდნენ, გადაემოწმებინა ან გაეკონტროლებინა, თუ რამდენად სწორად უთვლიდნენ ამა თუ იმ კანდიდატს ხმას.

ცეზარ ჩოჩელი საჩივარი

ცეზარ ჩოჩელი საჩივარი

 

საჩივარი #4

ცეზარ ჩოჩელი მცხეთის ოლქში ყველა უბნის შემაჯამაბელი ოქმის გაბათილებას და ხელახალი კენჭისყრის დანიშვნას ითხოვს. საფუძვლად კი უთითებს იმ გარემოებას, რომ სადამკვირვებლო პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ის თანამშრომლები მონაწილოებდნენ, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ. ჩოჩელის წარმომადგენლების განცხადებით, #41-ე წეროვანის უბანზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის საჩივრის საფუძველზე ერთ-ერთი დამკვირვებელი სხდომიდან გააძევეს.

image1 image2-2 image3-2 image4 image5

 

 

ყველა ზემოხსენებული საჩივარი ჯერ განხილვაშია. პარალელურად ცეზარ ჩოჩელი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და ცესკოს თავმჯდომარეს მიმართავს:

“მივმართავ ქვეყნის პირველ პირს – პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციური უსაფრთხოების გარანტს- ბატონ გიორგი მარგველაშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს და ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებები რამეს წარმოადგენს, არსებობს უამრავი მასალა და ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, კანონსაწინაღმდეგო ქმედებების, ტოტალური გაყალბების და მოსყიდვის. მოსახლეობა ითხოვს თქვენს ჩარევას- მხარდაჭერას და მათი ხმების დაცვას. გთხოვთ, დაინტერესდეთ და გაეცნოთ ამ მასალებს, რითიც დარწმუნდებით შედეგების არალეგიტიმურობაში”, – ნათქვამია ჩოჩელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩოჩელის განცხადებას პასუხობს მისი კონკურენტი, ცესკოს მონაცემებით გამარჯვებული კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე:

“საჩივრები უბნებზე დაწერილი არის მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, ჩემი ოპონენტის მხრიდან არც ერთი საჩივარი არ არის დაწერილი. მათ საჩვრების წერა დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიგეს შედეგი, რომ ისინი მეორედ დამარცხდნენ. მე ვფიქრობ, რომ დამარცხებასაც ღირსეული აღიარება სჭირდება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი