მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის ფაქტებზე ისაუბრა საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ამ ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ 18:00 საათისთვის დაფიქსირებულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.
“მარნეულის #48 უბანზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის ფაქტი. თუმცა კომისიის თავმჯდომარე მათ ამის უფლებას არ აძლევდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი მოითხოვდა, რომ მარკირებაგავლილ ამომრჩეველს მონაწილეობა მიეღო არჩევნებში ამ უბანზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა პრობლემები მარკირებასთან დაკავშირებით, როდესაც მარკირების შემოწმების აპარატმა დააფიქსირა მარკირების გავლა, ხოლო მოქალაქეები განმარტავდნენ, რომ ეს იყო ფრჩხილის ლაქი (მთაწმინდის #1, #2, #7 უბნები).
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ზუგდიდში, 72-ე უბნის კენჭისყრის შენობაში ,,ქართული ოცნებისა“ და სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენლები აწარმოებდნენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას, რომელშიც ლურჯად აღნიშნავენ ოცნების მომხრეებს, ყვითლად- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს და წითლად- ვისაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი. აღნიშნული პირები ეკითხებოდნენ ამომრჩევლებს, ხომ არ შეუცვლიათ არჩევანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ დაწერა საჩივარი.
18:00 საათისთვის საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 58 საჩივარი და 53 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.