ახალი ამბები

არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება

1 აგვისტო, 2012 •
არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება

„საქართველოს  პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი  მთავრობის მზაობას  იმის თაობაზე , რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები იქნება  თავისუფალი და სამართლიანი,  საარჩევნო კამპანია კი, ღია და  გამჭვირვალე. დღეს  კიდევ ერთხელ  გვინდა  გამოვთქვათ  რწმენა , რომ  ეს  არჩევნები  და ეს კამპანია იქნება სამაგალითო. მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო  პერიოდში გადაიდგა  ამ  მიმართულებით.

 

პირველ რიგში, შეგახსენებთ,  რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ  აპრილის თვეში გამოვიდა ინიციატივით  გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის თაობაზე, რომლის  საფუძველზეც დაიწყო  საქართველოს მთავრობამ აქტიური  კონსულტაციები ევროკავშირის, ეუთოს, ევროსაბჭოს შესაბამის სტუქტურებთან და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

შემდეგი მნიშვნელოვანი  ქმედება ეხება   საარჩევნო სიების დაზუსტებას.

 

ვფიქრობთ, შესაბამისი კომისიის მუშაობამ  კონკრეტული შედეგი გამოიღო. გუშინ  არაერთმა   საერთაშორისო დამკვირვებელმა კმაყოფილება გამოთქვა   ჩატარებულ  სამუშაოებთან დაკავშირებით. 

 

საკმაოდ აქტიურად მუშაობს  უშიშროების საბჭოსთან  არსებული  უწყებათაშორისი კომისია, რომელიც  ყველა სადავო საკითხს  ოპერატიული რეაგირების რეჟიმში განიხილავს. ამასთან დასძინა, რომ მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომლის საფუძველზეც  ყველა საკაბელო მაუწყებელი იღებს ვალდებულებას, საარჩევნო კამპანიის  განმავლობაში უზრუნველყოს ტელეკომპანიათა  ჩართვა  შესაბამის  ქსელებში.

 

ჩვენ დღესაც ვიტოვებთ იმედს, რომ ყველა  პოლიტიკური ძალა  შეუერთდაება  და ხელს მოაწერს  აღნიშნულ დოკუმენტს. დოკუმნეტს, რომელიც  პოლიტიკური პარტიებისა და  არასამთავრობო  სექტორის ერთობლივი ძალისხმევით  ფართო  კონსენსუსის შედეგად  იქნა  მიღებული. სწორედ ამ სულისკვეთების  გათვლისწინებით  დღეს  გვინდა  გაცნობოთ,  რომ არჩევნები  დაინიშნა და ის 2012 წლის  პირვველ ოქტომბერს ჩატარდება. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ  ოქტომბრის არჩევნები კიდევ  ერთი დასტური  იქნება  ქართული დემოკრატიის სიმწიფისა და  სიცოცხლისუნარიანობის,  გადაიდგმება  უმნიშვნელოვანესი  ნაბიჯები ჩვენი  სახელმწიფოებრიობის შემდეგომი განმტკიცების გზაზე. აქვე  საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს  ყველა მოქალაქეს,   აქტიური მონაწილეობა მიიღოს  ჩვენი  ქვეყნის განვითარებისათვის   ამ  მნიშვნელოვან პროცესში“ – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.


შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108–ე მუხლის თანახმად, არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.

საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.

ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 16 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი: პ/გ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ლეიბორისტული პარტია”,  პ/გ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”;  პ/გ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”; პ/გ ,,საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;  ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია;  საქართველოს კონსერვატიული პარტია;  ხალხის პარტია; მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის; “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;  პ/გ ,,ახალი მემარჯვენეები”; “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”, “საქართველოს გზა”; პ/გ ,,ქართული დასი”; პ/გ ,,თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”; ეროვნული ფორუმი.

ცესკოს განცხადებით, გუშინ რეგისტრაციაზე განაცხადი შემდეგმა პარტიებმა შეიტანეს: 1. პოლიტიკური გაერთიანება “მამული”; 2. ეროვნულ–დემოკრატიული პარტია; 3. ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია; 4. “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო”; 5. საქართველოს კონსერვატიული პარტია; 6. საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი და 7. ნოდარ ნათაძის სახალხო ფრონტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი