ახალი ამბები

დემურ სტურუას დედა ეჭვობს, რომ შესაძლოა მისი შვილი თვითმკვლელობამდე პოლიციელს არ მიუყვანია

28 ოქტომბერი, 2016 • 2480
დემურ სტურუას დედა ეჭვობს, რომ შესაძლოა მისი შვილი თვითმკვლელობამდე პოლიციელს არ მიუყვანია

დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუას გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა პოლიციელი გოდერძი თევზაძე არ იყოს მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიმყვანი.

ნონა ჯოჯუას თქმით, მას ეჭვი გაუჩნდა საჯავახოელ 6 ახალგაზრდაზე, რომლებთანაც დემურ სტურუა მეგობრობდა და რომლებმაც,  ჯოჯუას თქმით, დემურ სტურუა სცემეს.

“ბევრი კითხვა დამიგროვდა და ვერ გავარკვიე მტყუანი და მართალი. თუ გოდერძი თევზაძე დამნაშავე არის, რატომ წევენ სასამართლოს და რატომ არ უსჯიან. მტკიცებულებები ალბათ არ არის. 5 ფაქტი არის დაფიქსირებული, რომელიც მე მაშინებს. კარები იყო გაღებული, რაღაცები გადაატრიალეს. მაინტერესებს იმის გულისთვის, რომ ნამდვილი მკვლელი გარეთ არის. თუ გოდერძი თევზაძე დამნაშავე არის, მაშინ ვინ არის ის, ვინც ღამე მაშინებს და ასეთი შიშის ქვეშ ვარ.”

“მე გოდერძის ინტერესი კი არ მაქვს, რომ ეს ნამდვილი მკვლელია. მე წერილის მიხედვით ვთქვი, რომ ეს ასეა. მაგრამ მე მაინტერესებს, ნამდვილი მკვლელი ვინ არის. მეორეც, ტელეფონზე რომ აბრალებენ ჩემს შვილს, მეორე ვინ ახლდა, ის ბიჭი რატომ არ არის მოძებნილი. ჩემმა შვილმა წერილი რომ დაწერა ცხრის ათ წუთზე და ღამის ორ საათზე გოდერძიმ რომ მოაკითხა და სახლში ვერ ნახა, ჩემი შვილი სად იყო მანამდე. ეს გამოძიებამ რატომ ვერ დაამტკიცა, ეს მაინტერესებს. საჯავახოდან მთელი ბიჭები, ხეზე ჩამოკიდებული რომ ნახეს ჩემი შვილი, ეს ბიჭები საჯავახოდან საიდან გაჩნდენ სულ ყველა. ეს ეჭვებია, ეს კითხვები მაინტერესებს. მის მერე არც ერთი ბიჭი არ გამოჩენილა. დასაფლავებაზე მოვიდნენ და ეგ იყო და ეგ. რატომ სცემეს ჩემი შვილი წინა დღეებში, ეგეც მაინტერესებს. ესეც გავიგე, რომ საჯავახოში პრობლემა ჰქონდა და ბიჭებმა სცემეს. მოვითხოვე, რომ საჯავახოს ბიჭები დაიკითხონ. დაკითხვაზე იყვნენ, მაგრამ არაფერი არ ხდება. მაინც ვერ გავარკვიე. ეს ბიჭები, რომლებიც ჩემს შვილთან ახლობლობდნენ, დემურისთან ერთი დღე არ ყოფილა, რომ ეგენი არ ყოფილიყვნენ ერთად, ახლა სად არიან ეს ბიჭები, რატომ აერიდნენ საქმეს და საიდან სად გაჩნდნენ მაშინათვე მთელი საჯავახო, რომ ის ხეზე იყო ჩამოკიდებული. შეიძლება ეს წერილი დააწერინეს. მე მაინტერესებს ნამდვილი მკვლელი, ეს გოდერი იქნება თუ ვინც იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. მე მინდა, რომ დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელი. მე გავიგე, რომ პრობლემა ჰქონია საჯავახოს ბიჭებთან და ხელი დაურტყამთ, უცემიათ. ეს მაინტერესებს, რა მოხდა და რატომ სცემეს,”-  ამბობს ნონა ჯოჯუა.

ნონა ჯოჯუას თქმით,  მან არ იცის მიზეზი, რის გამოც შეიძლება დემურ სტურუას საჯავახოელ ბიჭებთან კონფლიქტი ჰქონოდა. კითხვაზე, თუ დემურ სტურუას წერილი დააწერინეს, რატომ ასხენეს მაინცდამაინც გოდერძი თევზაძე, ასე პასუხობს:

“ეს წერილი ჩემი შვილის ნაწერია, მაგრამ ამას ვფიქრობ, რომ ეს წერილი დააწერინეს. ვიღაცას ინტერესი ჰქონდა, განამწარები ჰყავდა და იმიტომ დააწერინეს ეს წერილი… ვიღაცამ დააწერინა, აუცილებლად, უეჭველი, ალბათ, ეგ წერილი.”

ნონა ჯოჯუა ასევე საუბრობს 5 შემთხვევაზე, რომლის დროსაც მის დაშინებას ცდილობდნენ, თუმცა გამორიცხავს, რომ ამაში გოდერძი თევზაძის ხელი ერიოს.

“გასაღები დავტოვე ქვის ქვეშ ჭიშკართან. ქუთაისში მივდიოდი, პროკურატურაში ვიყავი დაბარებული. რომ შემოვედი ეზოში, ჭიშკარი გაღებული იყო და ქვის ქვეშ გასაღები არ იყო. შუა ეზოში დამხვდა გასაღები დაგდებული. კარები გაღებული იყო, გადატრიალებული იყო ლოგინები და ტანსაცმლები იყო უჯრებიდან გადმოყრილი. წაღებული არაფერი არაა, მაგრამ ვიღაც მაშინებს. ორ საათზე, სამ საათზე მიკაკუნებენ, ფეხის ხმაა, ყველაფერი, შიშის ქვეშ ვარ. გამოძიება დაიწყო, მაგრამ ვერაფერს ვერ არკვევენ, ჩემს საკეთილდღეოდ არაფერი არ ხდება… გამორიცხულია, რომ ეს გოდერძის ხალხი იყოს. ახლა ვარ გაურკვევლობაში, ნაცვლიშვილი დაკავებულია, გოდერძი დაკავებულია, ახლა გარეთ რომ არის, ვიღაც მფარველობს. შეიძლება ეგ არის ნამდვილი მკვლელი”, – ამბობს ნონა ჯოჯუა.

ნონა ჯოჯუა აცხადებს, რომ თავისი განცხადების შემდეგ იგი პროკურატურაში დღეს, 28 ოქტომბერს, დაიბარეს, რათა კითხვები დაუსვან.

მისი თქმით, EMC-ის იურისტიების: გურამ იმნაძისა და ანა ნასრაშვილის მიმართ პრეტენზიები არ აქვს და მას კვლავ სჭირდება მათი მხრიდან ინტერესების დაცვა.

დემურ სტურუას ბიცოლას, დარეჯან ჯაშს ეჭვი არ შეაქვს, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე დამნაშავეა.

“მე არაფერში არ მეპარება ეჭვი, რომ გოდერძი თევზაძე დამნაშავეა. გამოძიებას იმდენი მტკიცებულებები აქვს მოპოვებული, რომ მე არ ვიცი. ეჭვი არაფერში მეპარება,” – ამბობს დარეჯან ჯაში.

დარეჯან ჯაშის თქმით,  ნონა ჯოჯუა ტელეფონზე მის ზარებს არ პასუხობს, თუმცა ერთი კვირის წინ ასეთი კითხვები გასჩენია, რასაც გარდაცვლილის დედა არ ეთანხმება.

დარეჯან ჯაშს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, აქტიურობდა თუ არა ბრალდების მხარე ნონა ჯოჯუასთან დაკავშირებით.

“ არაფერი ვიცი. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ თქმაც მიჭირს ჯერჯერობით ყველაფრის…იმას, რომ ალბათ ვინმემ რამე ხომ არ შესთავაზა-თქო… მე მაინც არ მივცემ არავის  იმის უფლებას, ბიცოლა კი ვარ, მაგრამ დემურიკოზე ძალიან დიდი უფლებები მაქვს, რომ მე ვინმეს მაიმუნობის უფლება არ მივცე. ჩემი გაზრდილია.”

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტორ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სასამართლომ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. პოლიციელი პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი