ახალი ამბები

ISFED: საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 244 საჩივრიდან 93 სრულად დაკმაყოფილდა

28 ოქტომბერი, 2016 • 1472
ISFED: საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 244 საჩივრიდან 93 სრულად დაკმაყოფილდა

“სამართლიანმა არჩევნებმა” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 244 საჩივარი წარადგინა. აქედან 93 საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, 40- ნაწილობრივ, 90 არ დაკმაყოფილდა და 20 საჩივარი კომისიამ განუხილველად დატოვა (1 საჩივარი ჯერ არ განხილულა).

ISFED-ის ინფორმაციით, საჩივრების უმეტესობაში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი იყო დაყენებული:

“4 შემთხვევაში მოთხოვნილი იყო კენჭისყრის შედეგების ბათილობა, მათ შორის, ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქის #79 და #38 უბნებზე. „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი, ასევე, მარნეულის #35 მაჟორიტარული ოლქის #34 უბნის პროპორციული კენჭისყრის შედეგები და გლდანის #21 მაჟორიტარული ოლქის #54 უბნის მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგები.”

41 შემთხვევაში საჩივრების მოთხოვნას წარმოადგენდა შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა. წარდგენილი საჩივრებიდან 91 ეხება შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას, 24 საჩივარი ეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი, ხოლო 18 საჩივარი- შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადაკეთებას/გადასწორებას.

„სამართლიანი არჩვენებში“ აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვ აძირითადად საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ საჩივრების განხილვას და სრულყოფილად დაეფიქსირებიათ ორგანიზაციის პოზიცია წარდგენილ საჩივრებზე. თუმცა საჩივრების განხილვასთან და საოლქო კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  1. საჩივრების განხილვის დროს გარკვეული საარჩევნო ოლქები არ ახდენდნენ მტკიცებულებების სათანადოდ შესწავლას, მოწმეთა და საუბნო კომისიის წევრთა დაბარებას და შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევას. ცალკეულ შემთხვევებში ორგანიზაციის დამკვირვებლებს საჩივრების განხილვის პროცესში სრულფასოვნად ჩართვის საშუალება არ ეძლეოდათ. ადგილი ჰქონდა აგრესიულ და არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას (ბათუმის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და თელავის საოლქო საარჩევნო კომისიები);
  2. ცესკოს მიერ მიღებული „საარჩევნო დავების სახელმძღვანელოთი“ დადგენილი განმარტების გვერდის ავლით და მათ გაუთვალისწინებლად, გლდანისა და ქუთაისის საოლქო კომისიებმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ წარდგენილი საჩივრები ორგანიზაციის დამკვირვებლის არაუფლებამოსილ პირად ცნობის მიზეზით განუხილველად დატოვეს;
  3. კასპის, ხაშურის, ზუგდიდის, ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში არასწორად იყენებდნენ ტერმინს „განუხილველად დატოვება“;
  4. რიგ საოლქო საარჩევნო კომისიებს სამართლებრივი ტერმინი „შემაჯამებელი ოქმის ბათილობა“ ერეოდა „კენჭისყრის შედეგების ბათილობაში“, ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, მაგალითად, ბათუმის, ხელვაჩაურის, კასპის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიებში;
  5. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გარკვეულ შემთხვევებში არასათანადოდ იყო დასაბუთებული ან შესაბამის განკარგულებებში არ იყო განხილული საჩივარში აღნიშნული დარღვევა. ასეთი შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, მაგალითად, ლაგოდეხის, საგარეჯოს, რუსთავის, თეთრიწყაროს, ხაშურის, ბორჯომის, წყალტუბოს, ისნის, ახალციხის, გორის, დმანისის და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში.

გარდა ამ ხარვეზებისა, რუსთავის და ოზურგეთის საოლქო კომისიების შემთხვევაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლების დროულად მიღება. ოზურგეთის შემთხვევაში ოქმის ასლის მიღებისთვის მოთხოვნილი იქნა საჯარო ინფორმაციის მოსაკრებლის გადახდა, რასაც საარჩევნო კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს შემაჯამებელი ოქმის მიღების წინაპირობას.

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები და გასწიოს ძალისხმევა მათი აღმოფხვრის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი