ახალი ამბები

პრემიერი ბაზაზე მომხდარ მკვლელობაზე: ჯარისკაცი მოქმედებდა ინსტრუქციის შესაბამისად

26 ოქტომბერი, 2016 • 1577
პრემიერი ბაზაზე მომხდარ მკვლელობაზე: ჯარისკაცი მოქმედებდა ინსტრუქციის შესაბამისად

“ჯარისკაცი მთლიანად ინტრუქციების შესაბამისად მოქმედებდა”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

“სამხედრო ობიექტებს გააჩნიათ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც ობიექტს იცავენ, ასევე აქვთ მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მთლიანად ამ ინტრუქციების შესაბამისად მოქმედებდა, ამიტომ ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. მე მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს. გამოძიება მიმდინარეობს და მისი შედგები  ცნობილი გახდება. მზად ვართ, რომ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარი. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რომლებიც მათ გააჩნიათ”, – განაცხადა პრემიერმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

“გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა”.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დაღუპულის ოჯახი მომხდარის ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა. მათი ინფორმაციით გიგა შენგელიას იარაღი არ ჰქონია და იგი ბაზის გარეთ მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი