ახალი ამბები

კრწანისის ბაზაზე მომხდარ მკვლელობაში პროკურატურამ გუშაგის ბრალეულობა არ დაადგინა

13 აპრილი, 2017 • 1875
კრწანისის ბაზაზე მომხდარ მკვლელობაში პროკურატურამ გუშაგის ბრალეულობა არ დაადგინა

საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურამ დაადგინა, რომ გუშაგი კანონის დაცვით მოქმედებდა.

“ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ გუშაგი მოქმედებდა „შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო,” – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 23 ოქტომბერს, ღამის საათებში, გიგა შენგელიამ, ძმასთან – გიორგი შენგელიასთან და თანმხლებ პირთან ერთად, ქურდობის მიზნით ფარულად შეაღწია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე, რაც გუშაგმა შეამჩნია და კანონის დაცვით მათ შეჩერებისაკენ მოუწოდა, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ:

“გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლით მოუწოდა ხსენებულ პირებს შეჩერებისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც გუშაგმა ზემოაღნიშნული პირების მისამართით განახორციელა გასროლები, რასაც შედეგად მოჰყვა გიგა შენგელიას გარდაცვალება.”

გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებდა. მათი ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული, გენეტიკური, კომისიური და კომპლექსური ექსპერტიზები, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

“ამავდროულად, გამოძიების ყველა ეტაპზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას ოჯახის წევრები ინფორმირებული იყვნენ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ისინი ასევე სრულად გაეცნენ საქმის მასალებს.”

შემთხვევა გასული წლის 23 ოქტომბერს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი