“ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჯარო ფინანსების ხარჯვის ტენდენციები საარჩევნო წლებში განსხვავებულია – ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალურ, მოკლევადიან დასაქმების და სხვა ტიპის პოპულისტური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული, ამ კუთხით არც 2012 წელია გამონაკლისი”, – აღნიშნულია ანგარიშში.
კვლევაში საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტულ შემთხვევებზეა საუბარი, მათ შორისაა სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 25 000 სტუდენტია ჩართული და თითოეულ მათგანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 ლარს მიიღებს. ასევე ხანდაზმულობის პენსიის 25%–იანი ზრდა, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 100%–იანი ზრდა, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის 1000– ლარიანი ვაუჩერის დარიგება და ა.შ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, ამგვარი პროექტების განხორციელება სახელმწიფოს სწორედ საარჩევნო წლებში ახსენდება:
“ხელისუფლების მხრიდან საუბარია სოციალურ პოლიტიკაზე და იმაზე, რომ ეს სოციალური პოლიტიკა არის თანმიმდევრული და მიზანმიმართული, მაგრამ ციფრების და წლების ანალიზი სხვა სურათს გვაძლევს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო წლებში ეს დანახარჯები მაღლა ადის და არასაარჩევნო წლებში ქვემოთ ჩამოდის. ეს კი უკვე სამწუხარო რეალობას გვიქმნის, იმას, რომ მმართველი პარტია საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის ირგებს ბიუჯეტს”, – აცხადებს ნინა ხატისკაცი.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ ბიუჯეტის ამგვარი ხარჯვა წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს უთანასწორო გარემოს უქმნის:
“ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯვები ემთხვევა მმართველი გუნდის პოლიტიკურ პროგრამას, რაც, ერთი მხრივ, ლოგიკურია, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი გამოყენება ბიუჯეტის, მაგალითად ის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იცვლება სოციალური პროგრამები, იზრდება დაფინანსება, ეს უთანასწორო გარემოს უქმნის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
უწყებათაშორისი კომისიის წევრი თამარ კინწურაშვილი კვლევაში არსებულ უზუსტობებზე საუბრობს:
“გარკვეული უზუსტობები აქ არის იგივე სოციალურად დაუცველი სტუდენტების პროფესიულ სასწავლებლებში 1000– ლარიან ვაუჩერთან დაკავშირებით, ეს არის სისტემური რეფორმის ნაწილი, ვაუჩერებზე გადასვლა საგანმანათლებლო სისტემაში რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ეტაპობრივად ხორციელდება როგორც სასკოლო დაწესებულებებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამების ზრდა განპირობებულია არა ლოკაციით გარკვეული თანხის ბიუჯეტში, არამედ თავად ბიუჯეტის ზრდით. აქედან გამომდინარე, ეს ვერ ჩაითვლება საარჩევნო მიზნად. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შენიშვნები მივაწოდოთ საერთაშორისო გამჭვირვალობას და შევისწავლოთ ყველა ის ფაქტი, რომელიც მათ დღეს წარმოადგინეს”, – განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.
ნინა ხატისკაცის თქმით, თანმიმდევრული პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან პრობლემა არ არის, პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ როდის იწყება ეს პროგრამები:
“ჩვენ პრობლემას იმაში ვერ ვხედავთ, სახელმწიფოს ჰქონდეს მიზანმიმრთული პოლიტიკა, კონკრეტულ პროექტებს ახორციელებდეს, რომელიც შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში მართლაც ეფექტური იყოს. მთავარი არის ის, თუ როდის იწყება ეს პროექტები და როდის ახსენდება ამგვარი პროექტები ხელისუფლებას. თუ ამგვარი პროექტები უფრო აქტუალური ხდება საარჩევნო წლებში, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა”, – აცხადებს ნინა ხატისკაცი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებას სახელმწიფო სახსრების მეტი პასუხისმგებლობით განკარგვისკენ მოუწოდებს.