ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას გამორიცხავენ

25 ოქტომბერი, 2016 • 2109
“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას გამორიცხავენ

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები და ამჟამდ პარლამენტის დეპუტატები: დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე და გია ცაგარეიშვილი პოლიტიკური თანამდებობების დაკავებს გამორიცხავენ. აღნიშნულის შესახებ მათ დღეს, 25 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს:

“მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე პოლიტიკაში ჩართვას აღარ ვაპირებ და არც რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას ვაპირებ. ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, რომ მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაუჭიროთ მხარი”,- განაცხადა ონოფრიშვილმა.

“ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში, ჩვენ აღარ ვართ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები, აქედან გამომდინარე აღარ ვსაქმიანობთ პარტიულად. არანაირი შემოთავზებები და მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს არავისთან”,- ამბობს ზურაბ აბაშიძე.

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრებმა საკონსტიტუციო უმრვლესობის შესახებაც ისაუბრეს, რომლის მოპოვების შანსიც მმართველ გუნდს დღევანდელი მონაცემებით აქვთ. ონოფრიშვილმა თავის მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ხოლო ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა ბოროტად არ გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას მიხეილ სააკაშვილის მთავრობისგან განსხვავებით.

ტელეკომპანია “იმედმა” გუშინ, 24 ოქტომბერს, პარლამენტში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს წევრის გია ვოლკის, ვიქტორ დოლიძის, გია ცაგარეიშვილის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის ვიდეოკადრები და კომენტარები გაავრცელა, სადაც გია ვოლსკი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრობს.

“თავისუფალი დემოკრატები” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში “ქართული ოცნების” კოალიციასთან ერთად შევიდნენ. ახალ ხელისუფლებაში “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, რომელიც 2014 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. “კაბელების საქმის” გამო დაწყებული დაპირისპირების შედეგად თანამდებობიდან გადააყენა, საბოლოოდ კი, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია დატოვეს. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა’ 4.62 % მიიღეს. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის  გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკოსი არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე საათით ადრე პარტია დატოვა გენერალურიმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმაც. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი