ახალი ამბები

გია ვოლსკი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებს შეხვდა

24 ოქტომბერი, 2016 • 2128
გია ვოლსკი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებს შეხვდა

პარლამენტში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრი გია ვოლსკი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრობს. ტელეკომპანია “იმედმა” დღეს, 24 ოქტომბერს, გია ვოლკის, ვიქტორ დოლიძის, გია ცაგარეიშვილის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის ვიდეოკადრები და კომენტარები გაავრცელა:

“სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება საუბარი გვქონდეს თანამშრომლობის გარკვეულ ფორმაზე, შეიძლება, გარკვეული პერიოდის მანძილზე ადამიანი პოლიტიკური ოპონენტი იყოს, მაგრამ სახელმწიფოებრივად მსჯელობდეს, როდესაც იგივე ევროსაპარლამენტო სტრუქტურებთან ჩვენი ურთიერთობები ყალიბდებოდა და საკმაოდ წარმატებული იყო ამ მხრივ ვიქტორ დოლიძე” – განაცხადა გია ვოლსკიმ “იმედთან” საუბრისას.

“ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებ, მე არ ვითანამშრომლებ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მომავალი გვიჩვენებს, სად ვიქნებით, როგორ ვიქნებით. ერთ რამეს გეტყვით პირდაპირ, რომ ვიქნები სახელმწიფოს სამსახურში. ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ… დრო გვიჩვენებს, დღეს რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია”,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

“თავისუფალი დემოკრატები” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში “ქართული ოცნების” კოალიციასთან ერთად შევიდნენ. ახალ ხელისუფლებაში “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, რომელიც 2014 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. “კაბელების საქმის” გამო დაწყებული დაპირისპირების შედეგად თანამდებობიდან გადააყენა, საბოლოოდ კი, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია დატოვეს. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა’ 4.62 % მიიღეს. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის  გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკოსი არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე საათით ადრე პარტია დატოვა გენერალურიმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმაც. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი