ახალი ამბები

ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან “დროებით მიდის”

10 ოქტომბერი, 2016 • 2871
ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან “დროებით მიდის”

ირაკლი ალასანია გორში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს და პოლიტიკიდანაც დროებით მიდის. ამის შესახებ ალასანიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“პარტია აგრძელებს ფუნქციონირებას და, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ ადგილობრივ არჩევნებზე”, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ფორმალური პროცედურების დასრულებამდე პარტიის თავმჯდომარედ რჩება.

ირაკლი ალასანიას არ დაუკონკრეტებია, თუ რითი დაკავება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.

რაც შეეხება პარტიის სხვა წევრების პოზიციას, ალასანიას თქმით, გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდულურად მიიღებს. პარტია უკვე დატოვა აღმასრულებელმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა.

ალასანიას თქმით, პარტია მუშაობას გააგრძელებს და შეაფასებს იმ პროცესებს, რის გამოც მათ ბარიერი ვერ გადალახეს.

ირაკლი ალასანიამ მადლობა გადაუხადა თავისუფალი დემოკრატების ამომრჩევლებს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, პარტია თავისუფალი დემოკრატები არჩევნებში დამარცხების შემდეგ რეორგანიზაციასა და განახლებას იწყებს. პარტია მოემზადება და გააგრძელებს ბრძოლას შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში. ალასანიამ თავად დროებით დატოვა პოლიტიკა.

პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მათ ხმების 4.62% მიიღეს.

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დაფუძნდა 2009 წელს.

2012 წლის 21 თებერვალს ექვსი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაფუძნდა კოალიცია „ქართული ოცნება“. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებასთან”, რესპუბლიკელებთან, ეროვნულ ფორუმთან, კონსერვატორებთან და მრეწველებთან ერთად ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას. კოალიცია პარტიამ 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვა და დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი