ახალი ამბები

ბესელია: ლევან იზორია არ არის ის მინისტრი, რომელიც გამოძიებას ხელს შეუშლის

25 ოქტომბერი, 2016 • 1443
ბესელია: ლევან იზორია არ არის ის მინისტრი, რომელიც გამოძიებას ხელს შეუშლის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალგაზრდის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ლევან იზორია “არ არის ის მინისტრი, რომელიც გამოძიებას ხელს შეუშლის”.

იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ობიექტურად იმუშავებს.

“ოჯახს ვუსამძიმრებ იმიტომ, რომ ეს არის ტრაგიკული ფაქტი და ძალიან სამწუხაროა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება. რაც შეეხება დეტალებს, უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებამ უნდა იმუშაოს ობიექტურად. ყველაფერი გაკეთდება, დარწმუნებული ვარ, და მათ შორის, პირველ რიგში, თავდაცვის მინსტრის მხრიდან იმისთვის, რომ გამოძიებამ იბიექტურად და მიუკერძოებლად იმუშაოს და დაადგინოს ყველა ფაქტი,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მინისტრია განცხადებები ობიექტურ გამოძიების წარმართვას, ბესელია პასუხობს:

“ლევან იზორია არ არის ის მინისტრი, რომელიც გამოძიებას ხელს შეუშლის. მე დარწმუნებული ვარ, ის პირადად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ობიექტურობა დადგინდეს,” – განაცხადა მან.

ეს განცხადება ეკა ბესელიამ სპეციალური ანგარიშის “დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის შესახებ” პრეზენტაციის შემდეგ სასტუმრო ბილტმორში გააკეთა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

გამოძიების ცნობით, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მოკლული გიგა შენგელიას ოჯახის წევრები გამოძიების ვერსიას უნდობლობას უცხადებენ და მოითხოვენ ალტერნატიულ ექსპერტიზას და საქმის სამართლიანად გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი