ახალი ამბები

თბილისში დაღუპული კათოლიკე ეპისკოპოსის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ

25 ოქტომბერი, 2016 • 2533
თბილისში დაღუპული კათოლიკე ეპისკოპოსის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ

თბილისში კათოლიკე ეპისკოპოსის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.

სხვა დეტალების შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს.

იტალიური საიტის farodiroma-ს ცნობით, ტორონტოს ქალდეური კათოლიკე ეპარქიის ეპისკოპოსი ჰანა ზორა თბილისში მოულოდნელად დაიღუპა რომის პაპის ვიზიტის ბოლო დღეს. გამოცემის ცნობით, 79 წლის ეპისკოპოსი სატუმროში ყოფნის დროს გახდა ცუდად, სადაც იმყოფებოდნენ სინოდის სხვა წევრებიც, და რომის პაპის წირვაზე დასწრება ვერ შელო. მისი გარდაცვალების მიზეზად ჰემორაგიულ შეტევას (სისხლდენა) ასახელებენ.

რომის პაპი თბილისში 30 სექტემბერს ჩამოვიდა. იგი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტსა და თანამდებობის სხვა პირებს შეხვდა. რომის პაპმა სტუმრობის დროს ასურელი ქრისტიანების მიერ არამეულ ენაზე შესრულებული გალობა მოისმინა. სწორედ რომის პაპის ვიზიტის გამო ჩამოვიდა ჰანა ზორა.

chaldean-church.com-ის ცნობით, ჰანა ზორა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ბათნაიაში დაიბადა. იგი 1962 წლიდან იყო მღვდელი. 1974 წლიდან გახდა აჰვაზის ქალდეური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ირანში. ხოლო 1987 წელს გაემგზავრა რომში, სადაც სწავლობდა. დაწერა რამდენიმე წიგნი და დედა ტერეზას ეხმარებოდა თავისი მისიის გამართვაში. 1993 წლიდან კანადის ქალდეველთა კათოლიკე თემის ხელმძღვანელი გახდა, 2011 წელს კი- მთავარეპისკოპოსი. ეს თანამდებობა მას 2014 წლამდე ეკავა, რის შემდეგაც აქტიურ სამღვდელო საქმიანობას თავი დაანება.

ეპისკოპოსის სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში გარდაცვალების შესახებ თბილისში აქამდე ცნობილი არ იყო. ინფორმაცია პირველად  “პრაიმ ტაიმმა” ” სასტუმროს ტანამშრომლებზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა იტალიურ ვებ გვერდებზე ჰანა ზორას გარდაცვალების შესახებ ცნობები 2 ოქტომრიდანვე იძებნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი