დღეს მცხეთაში, სვეტიცხოველში რომის პაპმა ფრანცისკემ ქართული ენის სიმდიდრეზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ისტორია ძველი წიგნივითაა, რომელიც გვიამბობს გახსნილობის, მიღებისა და ინტეგრაციის ნათელ მაგალითებზე.
“ქართლი ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი სიტყვებით, მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა “შენ გენაცვალე!”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს, შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი და საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას. ლხინისა და ჭირის გაზიარება ლოცვით ერთობასა და სულიერ კავშირში, ერთურთის ტვირთის ზიდვა. დაე, ამგვარი ძმური, ქრისტიანული დამოკიდებულებით იყოს აღბეჭდილი ჩვენი ერთად სავალი გზა. ეს დიდებული საკათედრო ტაძარი რწმენის და ისტორიული საგანძურის შემომნახველი, წარსულის გახსენებისკენ გვიხმობს. ეს აუცილებელია, რადგან ერის დაცემა იწყება იქ, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა,” – განაცხადა ფრანცისკე პირველმა.
რომის პაპი ამბობს, რომ არცთუ იშვიათად საქართველო ყველასგან მიტოვებული და ბედის ანაბრად იყო დარჩენილი, მაგრამ უფალს არასოდეს მიუტოვებია ქართული მიწა:
“საქართველოს ისტორია ძველი წიგნივითაა, რომლის ყოველი გვერდიც მოგვითხრობს წმინდა მოწამეებზე და ქრისტიანულ ფასეულობებზე. მათ გამსჭვალეს ერის სული და ჩამოაყალიბეს მისი კულტურა. გარდა ამისა, ეს ძვირფასი წიგნი გვიამბობს გახსნილობის, მიღებისა და ინტეგრაციის ნათელ მაგალითბზე. ეს ფასეულობები ძვირფასი და მუდამ ღირებულია ამ მიწისათვის და მთელი რეგიონისათვის. ეს საუნჯეა გამომხატველი ქრისტიანული თვითშეგნებისა, რომელიც ასეთად მაშინ რჩება, როცა მყარად ეფუძნება რწმენას და ამავდროულად ყოველთვის ღიაა ურთიერთობისათვის, არასდროს არის ხისტი და ჩაკეტილი. ეს წმინდა ადგილი შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული სახარება საუკუნეების მანძილზე დედაბოძად ედგა ქართულ მეობას. არეულობის დროს მდგრადობას უნარჩუენებდა მას, მაშინაც კი, როცა სამწუხაროდ და არცთუ იშვიათად ქვეყანა ყველასგან მიტოვებული და ბედის ანაბრად იყო დარჩენილი, მაგრამ უფალს არასოდეს მიუტოვებია ძვირფასი ქართული მიწა, რამეთუ უფალი ერთგულია ყველა თავისი სიტყვითა და საქმით, შემწეა ყველა დაცემულისთვის და გამმართავი ყველა წელში მოხრილის.”
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრანცისკე პირველმა საქართველოს მარლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია მეორეს პატივისცემის ნიშნად საჩუქარი გადასცა.
რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან ილია მეორესთან მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულა. მცხეთაში ასვე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და მმართველი გუნდის სხვა ლიდერებიც.
ფრანცისკე პირველისა და მისი დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და მღვდელთა ნაწილი აქციებით აპროტესტებენ. მმკ რომის პაპს ჯერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გზაზე, შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ხოლო ბოლოს მცხეთაში დახვდა.
რომის პაპი ფრანცისკე პირველი თბილისში 30 სექტემბერს ჩამოვიდა, სადაც მას ილია მეორე და გიორგი მარგველაშვილი დახვდნენ. რომის პაპი 2 ოქტომბერს საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.