ახალი ამბები

კოალიცია “ქართული ოცნება” NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს

16 ივლისი, 2012 •
კოალიცია “ქართული ოცნება” NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს

ამის  შესახებ დღეს “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა პრესკონფერენციაზე.

“მე პირადად და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერები არ ვენდობით აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებს. სხვათა შორის, არც მსგავს კვლევებს ვენდობი მაინცდამაინც, გააჩნია მათ წარმომავლობას, მათი დაფინანსების წყაროს, მათ მეთოდიკას. ჩვენ არ ვიცით, როგორ არის ჩატარებული საველე სამუშაოები”, – აღნიშნა პრესსპიკერმა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ მათთვის კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგის განმსაზღვრელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებულ აქციებზე მისული ხალხის რაოდენობაა.  

“ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ საქართველოს მასშტაბით ჩავატარეთ ხუთი აქცია და ყველა ამ დემონსტრაციაზე, ყველა ქალაქში ჩვენი მხარდამჭერების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი ინდიკატორი და მთავარი კვლევა სწორედ ეს არის და არა რომელიმე ინსტიტუტის, რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდეთ მათ მიერ ჩატარებული კვლევას. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამერიკული ინსტიტუტების მიმართ. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მთავარი ინდიკატორი არის ხალხის რაოდენობა აქციაზე და არა ის ციფრები, რომლებსაც ასე ნაწილ-ნაწილ ვიგებთ და რომელიც ასეთ აჟიოტაჟს იწვევს საქართველოს მოსახლეობაში” – განაცხადა ფანჯიკიძემ.  

NDI-მ დღეს, 16 ივლისს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება.

აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, მხოლოდ მათგან, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 36% ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა, ხოლო კოალიცია “ქართულ ოცნებას” – 18 %. 22%- ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს და ამბობს –”არ ვიცი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი