ახალი ამბები

რატიანი: სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება სამწუხარო და დამაზიანებელია

23 ოქტომბერი, 2016 • 1456
რატიანი: სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება სამწუხარო და დამაზიანებელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, სერგო რატანი და გივი თარგამაძე სამწუხაროსა და დამაზიანებელს უწოდებენ სანდრა რულოსვის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქში გასამართ მეორე ტურში.

„საზოგადოებამ იცის, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო მეორე ტურებში მონაწილების გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის გამოიყენებდა ყველა მეთოდს, იქნებოდა დაშინება, ძალადობა, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ არმომჩეველი უნდა დავიცვათ. გადაწყვეტილება, რომელიც სანდრას უკავშირდება, ვფიქრობ, სამწუხაროა და დამაზიანებელი. ზუგდიდი ის რეგიონია, რომელშიც ჩვენ გამარჯვების მაღალი ალბათობა გვაქვს,”- განაცხადა სერგო რატიანმა.

რულოვსის ამ გადაწყვეტილებას ასევე სამწუხაროს უწოდებს გივი თარგამაძე.

„პარტიამ პოლიტსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე.  ამიტომ სანდრას გადაწყვეტილება მიუღებელია, სამწუხაროა. ის აზიანებს მეორე ტურების კამპანიას და, ბუნებრივია, ჩვენ ვიცოდით, რომ ივანიშვილის დაგვიპირისპირებდა დაშინებას, მანიპულაციას. მაგრამ იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარნეულის ამომრჩეველმა დააფიქსირა.  პარლამენტში შევა თუ არა სანდრა, ეს მისი გადასაწყეტია,”- აცხადებს გივი თარგამაძე.

ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქში გასამართ მეორე ტურში სანდრა რულოვსი მონაწილეობას არ მიიღებს, ამის შესახებ რულოვსმა 23 ოქტომბერს განაცხადა. 22 ოქტომბერს ამ ოლქის სამ უბანზე გაიმართა პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრა, სადაც უპირატესობა “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ მოიპოვა, თუმცა ამ ოლქის მაჟორირატის გამოსავლენად მეორე ტურის გამართვა მაინც საჭირო გახდა.

რულოვსმა განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა და მისი გამარჯვება “მოიპარა”. იგი ამბობს, რომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღება შეურაცხმყოფელი იქნება.

10 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 50 მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება იქნებოდა საჭირო, სადაც, უმეტეს შემთხვევებში, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები მიიღებდენ მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აზრი არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების მეორე ტურებში მონაწილეობას. მისივე თქმით, თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას და მისცემდნენ თუ არა ლეგიტიმაციას დარღვევებით ჩატარებულ  არჩევნებს.

ამ განცხადებამ ნაციონალური მოძრაობის წევრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა 11 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენმ მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებდა და პარლამენტშიც შევიდოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი