გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. ყოფილმა პოლიტიკოსმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებასთან სასაუბროდ „სუს-ის კონტროლირებადი“ სასამართლოს შუამავლობა არ სჭირდება.
შენობაში შესვლამდე თარგამაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკრიტიკა. მისი განცხადებით, თავადაც აქვს კითხვები, თუ რატომ არ ინტერესდება სუსი ქვეყანაში არსებული რეალური საფრთხეებით.
“ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს. დასასაბუთებელი აქვთ მათ — რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით. იმის მაგივრად, რომ მიხედონ საქმეს, როდესაც აკითხავენ ჩემნაირ ადამიანებს და 300 კაცი უდგათ, რომელიც თურმე მზად არიან აიათოლას ბრძანების შესასრულებლად… წავიდნენ ახლა და ის სამასივე ადამიანი გააკონტროლონ! იმიტომ, რომ ისინი თუ გაიფანტნენ ახლა მთელ მსოფლიოში იმ დავალებებით, რაც აქვთ მიღებული (და არ იციან ამათმა, რა აქვთ მიღებული), აი, მერე იქნება შარში ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა თარგამაძემ.
ყოფილმა პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა საფრთხეებს და აღნიშნა, რომ საქართველოში აგრძელებს მუშაობას უნივერსიტეტი, რომელიც სწორედ ტერორიზმის გამოა სანქცირებული.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, თარგამაძე აცხადებს, რომ მისი დასკვნები და შეფასებები უკვე მომხდარი და საჯაროდ ცნობილი ფაქტების ლოგიკურ ანალიზს ემყარება, რაზეც მოქმედ ხელისუფლებას შეზღუდვები ჯერ არ დაუწესებია.
„ტროტუარზე დგომაზე აქვთ კანონი… ლოგიკურ მსჯელობაზე და მომხდარი ფაქტების გაანალიზების შედეგად გაჩენილ გონივრულ ეჭვზე კანონი ჯერ არ მიუღიათ“, — აღნიშნა მან.
მედიასთან მოკლე კომენტარის შემდეგ თარგამაძე კითხვებზე საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შევიდა. თარგამაძე სუს-ში ირანის საკითხზე მის საჯარო სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით დაიბარეს.
