ახალი ამბები

აკაკი ჩხაიძემ არჩევნებამდე სამკვირიან პერიოდში 52 335 ლარი დახარჯა

21 ოქტომბერი, 2016 • 1912
აკაკი ჩხაიძემ არჩევნებამდე სამკვირიან პერიოდში 52 335 ლარი დახარჯა

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მე-60 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გასული კანდიდატის, აკაკი ჩხაიძის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან აუდიტის სამსახურს ჩააბარა, წინასაარჩევნო ხარჯი  2016 წლის 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე 52 335 ლარია.

გაწეული ხარჯიდან ხელფასებში გაცემულია 48 625 ლარი.

დეკლარაცის მიხედვით, ჩხაიძემ სულ 161 ადამიანს გადაუხადა ანაზღაურება. 625 ლარი (დაუქვითავი) გადაუხადეს ზონის უფროსებს, მთავარ კოორდინატორებს – 375 ლ.(დაუქვითავი), კოორდინატორებს- 250 ლარი (დაუქვითავი), ბუღალტერს- 1000 ლარი (დაუქვითავი).

სხვა სახის გასავლიდან  ბანკის მომსახურების ხარჯი 10 ლარია, ხოლო 3700 ლარი არის ბეჭდური და სატელევიიო რეკლამის ხარჯები. სატელევიზიო რეკლამის მომსახურებისთვის 4-დან 7 ოქტომბრამდე “გურია ნიუსს” 700 ლარი გადაუხადეს, ხოლო ბეჭდური რეკლამის მომსახურებისთვის “ჩოხატაურის მაცნეს” ორ ეტაპად გადაუხადეს, ჯამში, 3  000 ლარი, რეკლამის ტირაჟი 5 100 ლარია.

დეკლარაციის მიხედვით, ფინანსური აქტივები და სხვა დებიტორული დავალიანებები 21 სექტემბერს სულ იყო 36 949 ლარი, ხოლო პერიოდის ბოლოს – 4 614 ლარი. საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ბანკში პერიოდის დასაწყისში – 6 949 ლარი, ხოლო პერიოდის ბოლოს -389 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ჩხაიძემ აუდიტის სამსახურს 12 ოქტომბერს ჩააბარა, მისი შემოსავალი 2016 წლის 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე 20 000 ლარია.

ჩხაიძეს არ დაუფიქსირებია შემოწირულობები ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე არ აქვს არაფულადი შემოსავლები.

გურიაში ორი მაჟორიტარული ოლქიდან ერთში მეორე ტური გამოავლენს ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს. ამ ოლქში მეორე ტურში მონაწილეობს ბიზნესმენი აკაკი ჩხაიძე. მან ხმების 27% მიიღო. ხოლო მისი მოწინააღმდეგე “ქართული ოცნების” კანდიდატი ნინო წილოსანია, ბიზნესმენ ბადრი წილოსანის შვილი, რომელიც “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” წილების მფლობელი იყო. ნინო წილოსანმა ხმების 47% მიიღო.

არჩევნების პირველი ტური 8 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე ტური 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი