ახალი ამბები

თათული თოდუა: ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნაკლებად საინტერესოა სახელმწიფოსთვის

20 ოქტომბერი, 2016 • 2299
თათული თოდუა: ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნაკლებად საინტერესოა სახელმწიფოსთვის

19 ოქტომბერს მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებებით მუშა გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება. კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.

სახალხო დაცმველის ოფისში მიიჩნევენ, რომ  ასეთი რეაგირება არასაკმარისია და აუცილებელია შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი შეიქმნას.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ბევრი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია. 2015 წლის მდგომარეობით, 123 ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა სამუშაო ადგილზე. ეს ძალიან დიდი ციფრია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 2-3 დღეში სამუშაო ადგილზე ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებას იღებს, ან იღუპება,” – ამბობს თათული თოდუა, ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელი.

დღეისათვის შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა მხოლოდ საწარმოს ნებართვის შემთხვევაში (თუ საქმე ტრეფიკინგს არ ეხება) შეუძლია. ამასთან, საწარმო ვალდებული არ არის, შეასრულოს ინსპექციის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაცია. დღესდღეობით ინსპექციას არ აქვს სანქცირების მექანიზმი.

“დღეს მთავრობას აქვს შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა, თუმცა ამას არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია. შესაბამისად, მიგვაჩნია რომ ეფექტური მექანიზმის შექმნის საჭიროება კვლავ სახეზეა,” – აღნიშნავს თოდუა.

რისთვის გვჭირდება ჩვენ შრომის ინსპექცია? – კითხულობს თათული თოდუა და იქვე ამბობს, რომ ჩვენ  გვჭირდება სტანდარტები, რომლებიც უზრუნელყოფს, რომ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას  სამუშაო ადგილზე საფრთხე არ შეექმნას. მისი აზრით,  ასევე გვჭირდება მექანიზმი, რომელიც პრაქტიკაში იმუშავებს და გადაამოწმებს, სრულდება თუ არა ეს სტანდარტები.

“ასეთი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, რომელიც  პასიურია. სახელმწიფო  აქტიურად არ  დგამს ნაბიჯებს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.”

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველო იღებს ვალდებულებას შექმნას შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისი შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა.  თათული თოდუას დაკვირვებით, ამ მიმართულებით სახელმწიფო სერიოზულად არ მუშაობს. მისი თქმით, ამ კონტექსტში სისხლის სამართლის ბერკეტის გამოყენება ძალიან არაფექტურია:

“მხოლოდ გამოძიების დაწყება არ არის საკმარისი.  2015 წელს სამუშაო ადგილზე 123 დამიანის დაიღუიპა ან დაშავდა. გამოძიება 108 შემთხვევაში დაიწყო, სისხლის სამართლის დევნა დაიწყო 16 შემთხვევაში  და აქედან სასამართლომდე საქმე 10 შემთხვევაში მივიდა. ხოლო 42 შემთხვევაში გამოძიება შეწყდა.  სისხლის სამართლის წესით რეაგირება არასაკმარისია და ამის გარდა, არაეფექტური გამოძიების პრობლემა შეიძლება გვქონდეს. ეს ბერკეტი საერთოდ არ  ახდენს სამომავლო შემთხვევების პრევენციას.“

შრომის ინსპექციაზე საუბრისას სახელმწიფოსგან ვისმენთ ვარაუდს,  რომ ეს შესაძლოა ბიზნესისთვის საზიანო იყოს. თათული თოდუას აზრით, ასეთი მიდგომა მიუღებელია:

“ადამიანების სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ისინი მძიმე სამუშაოს ასრულებენ, საკმაოდ დაბალანაზღაურებად ადგილებზე მუშაობენ და როდესაც ვგებულობთ, რომ თურმე ამ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნაკლებად საინტერესოა სახელმწიფოსთვის, ვიდრე ბიზნესინტერესები, ეს ძალიან სამწუხაროა. სახელმწიფოს არ ესმის, რა პასუხისმგებლობა აქვს,”- ამბობს თოდუა და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსაც მიუძღვის წვლილი ასეთი ვითარების შექმნაში.

2013 წელს სახალხო დამცველმა პარლამენტსა და მთავრობას წინადადებით მიმართა, რათა შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების მექანიზმი შეექმნა.  თათული თოდუას განცხადებით, ეს რეკომენდაცია ომბუდსმენის ყველა შემდეგ წლიურ ანგარიშში მეორდება, თუმცა, უშედეგოდ.

მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში 19 ოქტომბერს გარდაიცვალა.

“სამედიცინო ტერმინით, მას ჰქონდა პოლიტრავმა – მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა. დღეს საღამოს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ რეამინაციული ღონისძიებები ჩატარდა და ყველაფერი გაკეთდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად,” – განუცხადეს ნეტგაზეთს რესპუბლიკური საავადმყოფოში.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის [EMC] მონაცემებით, 2011-15 წლებში საქართველოში 212 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 691 კი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს ქვეყანა 2017 წელს მიიღებს.

ამავე თემაზე: შრომითი უფლებები ჰაერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი