რუსული გამოცემა Meduza საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადადგომისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლის ფონზე, მოსკოვში შესაძლოა კვლავ განიხილონ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი.
დღეს, 23 ივნისს, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება და ამის გამო ტოვებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს.
გადადგომის შესახებ მან კრემლში პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი დიალოგის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის 2026 წლის მაისში მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების გათვალისწინებით.
საუბარია 2026 წლის 9 მაისს გაფორმებულ რუსეთ–სამხრეთ ოსეთის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებს სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას აძლევს (და პირიქით).
ამ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ , 8 ივნისს გაგლოევმა სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო- რედ]. მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე წარადგინა რუსეთის მოქალაქე მარატ კალამბოვი, რომელიც მანამდე რუსეთის მთავრობაში მუშაობდა.
კამბოლოვი პრემიერის პოსტზე მხოლოდ ერთი კვირა დარჩა. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ მთავრობის თავმჯდომარე ასრულებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე. შედეგად, კამბოლოვი დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელი გახდა.
„მედუზას“ ერთ-ერთი წყარო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არის დაახლოებული, აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს კრემლში განიხილებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან ან რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთების სცენარი.
წყაროს თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთის მოსახლეობისთვის „ტერიტორიული მონაპოვრების“ დემონსტრირებას ემსახურებოდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დატოვა.
მისივე განცხადებით, იდეა სერიოზულად, თუმცა ხანმოკლე პერიოდით განიხილებოდა.
„ოსეთში მოსახლეობის უმრავლესობა ამის მომხრეა, აფხაზეთში კი უმრავლესობა კატეგორიულად წინააღმდეგია. შედეგად, მხოლოდ ოსეთის მიერთება ზედმეტად მცირე შედეგად მიიჩნიეს“, – უთხრა წყარომ „მედუზას“.
გამოცემასთან საუბარში სამხრეთ ოსეთის პოლიტიკის მცოდნე ერთ-ერთმა პოლიტტექნოლოგმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა „რუხ ზონას“ წარმოადგენს, სადაც ფულის გათეთრება და განაღდება ფართოდ არის გავრცელებული, რის გამოც „მისთვის ხელის ხლება არ ისურვეს“.
გაგლოევის წინამორბედმა, ანატოლი ბიბილოვმა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელი მოაწერა განკარგულებას სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, თუმცა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაგლოევმა მისი ჩატარება გადადო.
„როგორც ჩანს, ახლა კვლავ ფიქრობენ მინი-სსრკ-ის პროექტზე“, – განაცხადა „მედუზასთან“ საუბარში პოლიტტექნოლოგმა, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე მუშაობდა.
