ახალი ამბები

გილაური საპარტნიორო ფონდის დირექტორად დაინიშნა

11 ივლისი, 2012 •
გილაური საპარტნიორო ფონდის დირექტორად დაინიშნა

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომლის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, 5 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საბჭოს წევრები: იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე, “კორ სტანდარტ ბანკის” გენერალური დირექტორი გიორგი ღლონტი, “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ვლადიმერ გურგენიძე.

 

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ნიკა გილაური დაინიშნა.

 

სს “საპარტნიორო ფონდი” 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია: ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება.


საპარტნიორო ფონდი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

 

გასული კვირის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ავტომატურად არის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს და ასევე, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო” არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში.

 

 “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო” შეიქმნა საქართველოში “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” (MCC) მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი