ახალი ამბები

კახიძე: არ მოველი, რომ სტრასბურგი მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას შეცვლის

17 ოქტომბერი, 2016 • 1578
კახიძე: არ მოველი, რომ სტრასბურგი მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას შეცვლის

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე არ მოელის, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებას დიდი პალატა შეცვლის.

“სასამართლოს გადაწყვეტილებას შევაფასებდი ნორმალურს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში არ არის, გადაწყვეტილება არ შეცვლილა. იუსტიციის სამინისტრო ითხოვს, რომ დიდმა პალატამ განიხილოს სასამართლოს გადაწყვეტილება”, – ამბობს კახიძე.

კითხვაზე, როგორი მოლოდინი აქვს, შეცვლის თუ არა დიდი პალატა კოლეგიის გადაწყვეტილებას, კახიძე პასუხობს, რომ არ შეცვლის.

“მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ, ვინაიდან გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული კოლეგიის მიერ, იყო მიღებული ერთხმად. არც ერთ მოსამართლეს განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მათ დღეს მიიღეს სტრასბურგის სასამართლოდან შეტყობინება, რომ საქართველოს მთავრობის საჩივარი სტრასბურგის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს.

14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ პრესრელიზში მიუთითა, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ ასევე გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი