ახალი ამბები

სიცოცხლის უფლება ყველასია? – მძიმედ დაშავებულ ტრანსგენდერ ქალს სოლიდარობა გამოუცხადეს

16 ოქტომბერი, 2016 • 2410
სიცოცხლის უფლება ყველასია? – მძიმედ დაშავებულ ტრანსგენდერ ქალს სოლიდარობა გამოუცხადეს

ეს არის ჩემი სოლიდარობა იმ ტრანსგენდერი ქალის მიმართ, რომლის ჯანმრთელობის შესახებაც ექიმები არ გვაძლევენ კარგ პროგნოზს- განაცხადა აქციის “სიცოცხლის უფლება ყველასია?”ორანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ. დღეს, 16 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მძიმედ დაშავებული ტრანსგენდერი ქალის საქმეზე შსს-დან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდნენ.

ტრანსგენდერი ქალი 14 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრეს, იგი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. აქციის მონაწილეების გარდა, უწყებას სახალხო დამცველმაც მოუწოდა, გამოძიებისას სიძულვილის მოტივი გამოკვეთოს.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ტრანსგენდერი ქალები, ერთ-ერთი ყველაზე ხილული და დაუცველი ჯგუფია ლგბტ თემში, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დანაშაულზე არასათანადო რეაგირება ტრანსგენდერების მიმართ გამოვლენილ ძალადობას და სიძულვილს ახალისებს:

“სწორედ ეს დაუსჯელობის სინდრომი, რომელსაც შსს და სასამართლო სისტემა ქმნის ასეთი საქმეების გამოუძიებლობით და [მოძალადე] ადამიანების დაუსჯელობით, რაც კიდევ უფრო მეტ სივრცეს და კარს უხსნის მათ, რომ მეტად იძალადონ ამ ლგბტ თემის წარმომადგენლებზე”,- ამბობს ლევან ბერიანიძე, ლგბტ საქართველოს წარმომადგენელი.

დღევანდელ აქციაზე საბი ბერიანიც გაიხსენეს, ტრანსგენდერი ქალი, რომლის მკვლელობისთვის ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ტრანსგენდერი საბი ბერიანი 11 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა კოჭლაშვილსა და ბერიანს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც თანხას უკავშირდებოდა. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მკვლელობა გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა. საბი ბერიანის საქმეში ერთადერთი მოწმე, ასევე ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად, ინტოქსიკაციით გარდაცვლილი იპოვეს.

“ამას იწვევს ხელისუფლების და პოლიტიკოსების მხრიდან არაადეკვატური რეაქციები. არავის უნდა აღიაროს, რომ ეს მკვლელობები მოტივირებულია სიძულვილით, ისევე, როგორც ქალების მკვლელობა იყო მოტივირებული სიძულვილით და ეს მოსაზრება არ გაიზიარა პარლამენტმა. ისევე, როგორც საბი ბერიანის შემთხვევაში, ეს ყველაფერი მოტივირებული იყო სიძულვილით და მერე დამნაშავე ფორმალურად დაისაჯა. დანაშაულის კვალიფიკაცია უსერიოზულესი პრობლემაა. სისხლის სამართალში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი და მთავარი დანაშაულის კვალიფიკაციისთვის არის მოტივი და ამ შემთხვევაში მოტივი არის სიძულვილი. სასჯელის მიზანიც არის პრევენცია. პრევენციას ვერასდროს ვერ მოვახდენთ, თუ დანაშაულის კვალიფიკაცია არ იქნა სწორი. ეს არ არის ჩვეულებრივი მკვლელობა”- განაცხადა დღეს აქციაზე მყოფმა “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ.

დღევანდელ აქციაზე გააკრიტიკეს ინიციატივაც კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების გაჩენის შესახებ, რომელიც ჰომოფობიის წახალისებად მიაჩნიათ.

“ასეთი დანაშაული, შეიძლება პასიური ფორმით, მაგრამ პირიქით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან წაქეზებულია. ხელისუფლების თუ მმართველი ძალის ყველაზე ლიბერალური მხრის წარმომადგენლებისგანაც გვესმის, რომ ჩვენ თითქოს დათმობაზე უნდა წავიდეთ იმ ადამიანებთან, ვინც კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციას ითხოვს. ეს არის ისეთი ტიპის დათმობა, რომელიც არათუ აჩერებს ასეთ ძალადობას, არამედ, პირიქით, აქეზებს. ადამიანი, რომელიც შეპყრობილია სხვადასხვა ტიპის ფობიით, მას რაც უფრო მეტს დაუთმობ, რაც უფრო მეტად მისცემ საშუალებას, რომ გამოავლინოს საკუთარი ფობია, ისე მეტად გაძლიერდება. სახელმწიფო, ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, უნდა იყოს უპრეცედენტოდ მკაცრი და პრინციპული ამ საკითხში და, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ”,- ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ნინია კაკაბაძე.

აქცია "სიცოცხლის უფლება ყველასია?" ფოტო:მარი ნიკურაძე

აქცია “სიცოცხლის უფლება ყველასია?” ფოტო:მარი ნიკურაძე

აქცია "სიცოცხლის უფლება ყველასია?" ფოტო:მარი ნიკურაძე

აქცია “სიცოცხლის უფლება ყველასია?” ფოტო:მარი ნიკურაძე

აქცია "სიცოცხლის უფლება ყველასია?" ფოტო:მარი ნიკურაძე

აქცია “სიცოცხლის უფლება ყველასია?” ფოტო:მარი ნიკურაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი