ახალი ამბები

ომბუდსმენი: ტრანგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე გამოძიებამ სიძულვილის მოტივი უნდა გამოკვეთოს

16 ოქტომბერი, 2016 • 1922
ომბუდსმენი: ტრანგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე გამოძიებამ სიძულვილის მოტივი უნდა გამოკვეთოს

ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა, სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება, ასევე, საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით.

“სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. აპარატის წარმოებაში არაერთი საქმეა, რომელშიც შესაძლოა ვლინდებოდეს დისკრიმინაციული მოტივი სხვადასხვა დაცული ნიშნის საფუძველზე. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიების პროცესში არ ხდება სავარაუდო სიძულვილის მოტივზე მსჯელობა ან/და ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ასეთი მოტივის გამოვლენის მიზნით”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე ჭეშმარიტების დადგენა და მათ შორის, დანაშაულის რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი.

“საზოგადოებაში გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობის ფონზე არსებობს მსგავსი დანაშაულების განმეორების საფრთხე, მით უმეტეს, რომ საგამოძიებო ორგანოები დისკრიმინაციულ მოტივზე ძირითადად ყურადღებას არ ამახვილებენ”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

15 ოქტომბერს თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებულს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული  და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი