ახალი ამბები

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ვაკანტურია

6 ივლისი, 2012 •
“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ვაკანტურია

აღნიშნული გადაწყვეტილება ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ 2 ივლისის სხდომაზე მიიღო, რომელსაც ნიკა გილაური ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის რანგში და, შესაბამისად, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ამპლუაში უძღვებოდა.

 

გილაური პრემიერ-მინისტრობიდან საქართველოს პრეზიდენტმა 30 ივნისს დაითხოვა, თუმცა მისი უფლებამოსილება ოფიციალურად 3 ივლისიდან, მას შემდეგ შეწყდა, რაც საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერად ვანო მერაბიშვილი დანიშნა.

 

სააკაშვილმა გილაურს მთავრობის “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება მხოლოდ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს გააჩნია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და რომლის შემადგენლობაშიც არიან მინისტრები და საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

 

აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე მის უფლება-მოვალეობებს პირველი მოადგილე გიორგი ჭილაძე შეასრულებს. აღმასრულებელი დირექტორი კი 10 ივლისამდე უნდა დაინიშნოს, რადგან სწორედ ამ დღიდან შედის ძალაში საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სს “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად ხდება “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

ამას გარდა, ბოლო დღეებში განხორციელებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ნიკა გილაური, როგორც სს “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი, “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” სამეთვალყურეო საბჭოსაც უხელმძღვანელებს. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის კოორდინაციისა და საერთო ზედამხედველობის ფუნქცია გადაეცა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი