ახალი ამბები

გილაური ორ ფონდს და ერთ სააგენტოს ჩაიბარებს

5 ივლისი, 2012 • 1173
გილაური ორ ფონდს და ერთ სააგენტოს ჩაიბარებს

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გილაური პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მას “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელობა შესთავაზა, რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.


ამ ცვლილებების შედეგად სს “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ავტომატურად ხდება ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს და ასევე, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდის შესახებ სამთავრობო დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებით,  “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწ­ლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა პრემიერ–მინისტრის ნაცვლად “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა უნდა შეითავსოს.


“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“  მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 4 ივლისს გამოქვეყნდა და 10 ივლისს ამოქმედდება. ცვლილებას ხელს ნიკა გილაური პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სახელით აწერს.


გამოქვეყნებულ ცვლილებებში ნათქვამია, რომ “ათასწლეულის განვითარების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იქნება “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი ნიკა გილაური.


კანონის შესაბამისად, “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება რამდენიმე მინისტრისგან და ბანკირისგან და რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


მინისტრთა კაბინეტი საქართველოს პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, თუმცა “საპარტნიორო ფონდის” სამეთვალყურეო საბჭო ჯერ არ შეკრებილა, რათა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დაენიშნათ. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში, 10 ივლისიდან ამოქმედდება. მანამდე კი გილაური ოფიციალურად უნდა დანიშნოს სს “საპარტნიორო ფონდის” სამეთვალყურეო საბჭომ აღმასრულებელ დირექტორად.

მასალების გადაბეჭდვის წესი