ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე ხმების გადათვლას ითხოვს

11 ოქტომბერი, 2016 • 1220
ნინო ბურჯანაძე ხმების გადათვლას ითხოვს

პარტია “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრობა” არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ცესკოსგან ხმების გადათვლას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ქართული ოცნება და “ნაციონალური მოძრაობა” გარიგდნენ და გადაინაწილეს ოპოზიციური პარტიების ხმები და, შესაბამისად, დაიწერეს არარეალურად მაღალი პროცენტები. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც თავისთვისაც კი მოულოდნელი მაღალი შედეგები აიღო, ლაპარაკობს გაყალბებაზე, თუმცა სიტყვას არ ძრავს არც ხმების გადათვლაზე და არც შედეგების გაუქმებაზე. ჩვენ ცესკოში შესატანად მომზადებული გვაქვს ასობით საჩივარი, რომლეშიც დაფიქსირებულია არსებული საჩივრები და ვითხოვთ საარჩევნო უბნების გახსნას, ხმების გადათვლას და თუ იქნება შესაბამისი საფუძველი შედეგების კორექტირებას ან გაუქმებას”,- განაცხადა ბურჯანაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კონსულტაციებს უკვე სხვა პარტიებთანაც მართავენ, რომ “მათ ბრძოლას სამართლიანობისათვის შემოუერთდნენ”.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტიამ “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრობა” ხმების 3.53% მიიღო და 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახა. პარტიის შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი