ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა

8 სექტემბერი, 2016 • 3769
ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო” 2008 წლის 23 ნოემბერს დააფუძნა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მაშინდელი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის გუნდს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაემიჯნა. მაშინდელი ხელისუფლების ვერსიით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ხელისუფლების საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ ბურჯანაძისგან წარდგენილი და რეკომენდებული კადრები.

2009 წლის გაზაფხულზე პარტია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”, სხვა პარტიებთან ერთად, ორგანიზებას უწევდა პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს. პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს.

2011 წლის მაისში ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა გამოვიდა კვლავაც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციების ორგანიზატორად. 2011 წლის 26 მაისს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაარბია აღნიშნული მიტინგი, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებიც მიანიშნებდა ნინო ბურჯანაძისა და მისი ოჯახის წევრების კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან, თუმცა ამის გამო ბრალი მათთვის არ წარუდგენიათ.

ბურჯანაძის ქმრის, ბადრი ბიწაძის მიმართ წარდგენილი იქნა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით, ანუ წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისათვის.

ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას არც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ამ არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ბიწაძე პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა, რის შემდეგაც ის საქართველოში დაბრუნდა.

პარტია  “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარეა ნინო ბურჯანაძე. ნინო ბურჯანაძე მონაწილეობდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მიიღო ხმების 10,18%.

პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ დარბაზი წარმოადგენს საკონსულტაციო-წარმომადგენლობით ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნისათვის აქტუალური საკითხების განხილვა, საჭირო და დროული რეკომენდაციების შემუშავება და  მათი ცხოვრებაში გატარების მხარდაჭერა. დარბაზს თავმჯდომარეობს ნინო ბურჯანაძე, ხოლო მის არყოფნის დროს – პარტიის გენერალური მდივანი, ვახტანგ ყოლბაია. დარბაზთან მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტიის მთავარი საბჭოს წევრები. დარბაზის მუშაობას კოორდინაციას უწევს მთავარი საბჭოს წევრი – მანანა სალუქვაძე.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მიიღო საქართველოს მასშტაბით ხმების 10.22%.

მასალების გადაბეჭდვის წესი