წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშის მიხედვით, (საქართველოში) პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისგან მტრის ხატის შექმნა ჩვეულ პრაქტიკად იქცა. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ჯერ კიდევ გვხვდება კამპანიის დროს.
NDI–ის წინასაარჩევნო დელეგაცია მიიჩნევს, რომ ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის და კამპანიის თანხების არასწორი ხარჯვის შესახებ, ასევე ბრალდებები საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ გრძელდება.
“დელეგაციის ვიზიტისას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში განსხვავებული შეხედულებების მქონე ჯგუფებს შორის ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რასაც უნდა მოყვეს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება და დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. დელეგაციას მიაჩნია, რომ შემდეგი მიმართულებით გადადგმულ დამატებით ნაბიჯებს შეუძლია გაზარდოს საზოგადოების ნდობა პროცესის სამართლიანობის მიმართ”, – აღნიშნულია ანგარიშში.
NDI საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მიმართავს, რომ უზრუნველყონ არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ხელი შეუწყონ ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებასა და საარჩევნო კანონმდებლობის თანაბარ გამოყენებას. ასევე პატივი სცენ საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებსა და ნორმებს, რათა ყველა პროცედურა იყოს გამჭვირვალე და საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაზრდას შეუწყოს ხელი.
აშშ–ის სადამკვირვებლო მისია ასევე ურჩევს მთავრობას, უზრუნველყონ კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის გამჭვირვალე, თანაბარი და კეთილგონიერი გამოყენება.
“წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული საკითხის აქტუალურობისა და მის გარშემო არსებული დისკუსიის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს და განიხილოს დამატებითი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა და ამით უპასუხოს სამოქალაქო საზოგადოების წუხილს ნორმების თანაზომიერად აღსრულების თაობაზე. ასევე, ჩვენ რეკომენდაციაა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, არჩევნების შემდეგ მოხდეს საარჩევნო კამპანიისა და პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მრავალპარტიულ ფორმატში განხილვა”, – აღნიშნულია ანგარიშში.
NDI ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიასაც მიმართავს რეკომენდაციით და ურჩევს, კომისიამ უზრუნველყოს, რომ მთავრობის მსგავსად, ყველა საჯარო მოხელე ყველა დონეზე, ფლობდეს სრულ ინფორმაციას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წესებთან დაკავშირებით.
“კომისიამ სრულად, გამჭვირვალედ და ობიექტურად უნდა გამოიძიოს სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივად გამოყენებასთან და ამომრჩეველების, კანდიდატებისა და აქტივისტების დაშინებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. დარღვევებისათვის ცალკეულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, – ნათქვამია NDI–ის წინასაარჩევნო დელეგაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში.
NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო მდგომარეობის შედეგები და რეკომენდაციები დღეს, 29 ივნისს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” წარადგინა.